skip to content
ახალი ამბები

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) განაცხადა 14 ნოემბერს, რომ მისმა თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს. ექვსი პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზეა დაკავებულები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული.  

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“. „კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ განაცხადა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. „იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button