ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის 46 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 46 პირია დაკავებული, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ აწარმოა, რეგიონული პოლიციის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, რომლებიც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

ამავე ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button