Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მაისს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ძირითადი ყურადღება ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახსა და ქრისტიანულ რელიგიაზე გაამახვილა.

მან კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის „განსაკუთრებული“ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემირესა და „ძვირფას მეგობარს“, ვიქტორ ორბანს და თქვა, რომ იგი ამ „რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი“ ლიდერია“. მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერი „იცავს საკუთარი მამაცი ერისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ, სხვა ერების მსგასად, თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები გამოარა და „ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები“. ამ კონტექსტში მან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულასშტაბიან ომზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, „ყველას გვეხება“ და „რომლის დასასრულიც არ ჩანს“.

„გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა,რომ კაცობრიობის მიზანი და ამოცნა „მშვიდობის უზრუნველყოფაა“. „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად“.

ხაზი გაუსვა რა, რომ რუსეთთან „მძიმე ომი“ 2008 წლის აგვიტსოში საქართველომაც ადაიტანა საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. „[ამიტომ], ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი“. მანვე განაცხადა, ომ ქართველები მცირე, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ერია და „როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების“. ამ კონტექსტში მან ნატოს სამშვიდობო მისიებში „გლობალური უსაფრთხოებისთვის“ დაღუპული 32 და ასეულობით დაშავებული ქართველი მებრძოლი გაიხსენა.

„ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“, – გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გლობალური წესრიგის ცვლილების ფონზე, ერთიანობაა საჭირო, რისთვისაც საჭიროა „ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას“. „ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის – ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი“.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება, თუმცა დასძინა, რომ „ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე“…, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის“. დაიმოწმა, რა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიტყვები, რომ „თავისუფლებას – ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან“, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ძალები თავისი მიზნების მიღწევას „სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით“ ცდილობენ.

„ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველო კონსტიტუცია იცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, მათ შორის, მათსაც, ვისთვისაც, „ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი“.

„ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება“, – ხაზი გაუსვა მან.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის „განსაკუთრებულ როლს“ საქართველოს ისტორიაში, პრემიერმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ „ჩვენი კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას“. „ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეიარაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით – სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება“.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებსა და ევრო ინტეგრაციის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ„ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება“.

უნგრელ კოლეგასთან შეხვედრა

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანსაც შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობაც აღნიშნეს და კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს გაუსვეს ხაზი, „რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს“.

მათვე საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც მიმოიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. რა დროსაც, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.

მათვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსში საქართველოს პრემეირმა უნგრელ კოლეგას უთხრა, რომ „რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება“.

შენიშვნა: მასალა საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების შეხვედრის შესახებ ინფორმაციით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button