skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა არასამთავრობოებს წარედგინათ

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა 1 ნოემბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარუდგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას, რომელიც „შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით“, აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციამ.

პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელების ფორმატზე, რაც ითვალისწინებს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.

შეხვედრის შემდეგ, ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, რომ „ამ შეხვედრის მიზანი, პირველი, მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად შევაჯეროთ პოზიციები და საბოლოო ჯამში მივიღოთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა დაინტერესებული ჯგუფის ინტერესებს“. მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსმა, მარიამ ბანძელაძემ აღნიშნა: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და დიდი ხანია ველოდებით უკვე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე არასამთავრობო სექტორი გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება. ეს არის ქვეყნისთვის, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ეს გეგმა იყოს სწორად ჩამოყალიბებული, ყველა საკვანძო საკითხი იყოს გამოტანილი და ყველა მოწყვლადი ჯგუფი იყო რეალურად მოცემული შიგნით“.

ასოციაცია „იკას“ ხელმძღვანელმა მაია ასაკაშვილმა განაცხადა: „რადგან მე წარმოვადგენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციას, რა თქმა უნდა ძირითადი პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები… მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემური საკითხების ერთად დაძლევას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button