skip to content
ახალი ამბები

საქართველოსთვის დამატებითი დათქმებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინი

ევროკომისია 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

Politico Playbook-ის 8 ნოემბრის სტატიაში „ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია: „კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გასცემენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, განაცხადა ორმა ოფიციალურმა პირმა“.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო იმ პირობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ცხრა ნაბიჯი გადაიდგმება.

ამ თემასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლება“ იტყობინება ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ევროკომისრები შეთანხმდნენ, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს [ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი გაუარესებულია].

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარება – განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება – და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • სასამართლო რეფორმა – მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button