ახალი ამბები

პრეზიდენტი ევროპისთვის გზავნილის გასაგზავნად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„არ თავდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე – ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მან წინა დღეს ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მოკვლის შემდეგ გამართა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო საუკუნეებია რუსული აგრესიის მოწმეა და „ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ და არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად“.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს საღამოს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია უნდა გასცეს, კონცერტის და ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა „ხელმოწერების დიდი კამპანიის“ დასაწყებად, რომელშიც მთელი საზოგადოება ჩაერთვებოდა.

პრეზიდენტის თქმით, კონცერტი აღარ ჩატარდება, თუმცა შეკრება გაიმართება. „ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას – შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ“. „რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის ჩვენს დღის წესრიგს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button