ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ

საქართველოში კონფლიქტის შესახებ 31 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაცია კვლავ აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიან რეგიონში“, მათ შორის „რიგი უკანონო ქმედებების გზით, როგორიცაა სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მისი რეკონსტრუქციისა და ამოქმედების მიზნით“.

მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების „ურყევი“ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მიესალმა წლევანდელ რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან.

ამ კონტექსტში, კომიტეტი მიესალმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე, პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპაციის დროს „ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე“.

გადაწყვეტილებაში კომიტეტი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას ისეთ საკვანძო საკითხებში წისვლისთვის, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან გამომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები.

გარდა ამისა, წინა გადაწყვეტილებებში უკვე წამოჭრილ საკითხებთან ერთად, ამჯერად მინისტრთა კომიტეტმა „სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას, ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის უკანონო დაკავების გამო, რომელთაგან ზოგიერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“. მინისტრთა კომიტეტი მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

გადაწყვეტილება მოუწოდებს რუსეთს „შექმნას პირობები ყველა დევნილისა და ლტოლვილის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის“ და „შეწყვიტოს ნებისმიერი სახის ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლების მიმართ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button