ახალი ამბები

პრემიერმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოების მეთაურების მე-4 სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რევაზ ჯაველიძესთან ერთად ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში ისლანდიას სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რიგი შეხვედრები გამართა. პრემიერმა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა თემაზე – „როგორ უზრუნველყოფთ დემოკრატიას, როცა სამყარო გამოცდას გვიწყობს რისკებზე, მედეგობასა და ერთგულებაზე“.

პრემიერის სიტყვა სამიტზე

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას „აქვს ხედვა, რომელიც გულისხმობს ძლიერ ქვეყანას, რომელიც ერთგულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი“.

„ეს ასახულია ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც აუცილებელია დემოკრატიისთვის: სასამართლო და საარჩევნო სისტემები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების დაცვა, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, პროგნოზირებადობის დამკვიდრება ქართველი ხალხის სასიკეთოდ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ „ქმედით და ეფექტიან პოლიტიკას ატარებს, „განამტკიცებს ხედვას და დინამიკურ მოქმედებებს ახორციელებს“. „სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძირეული ელემენტებია“, – დასძინა მან.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო დაა საარჩევნო, ასევე მედიის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებით „იქმნება მყარი საფუძველი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ასევე მედიისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებების უზრუნველსაყოფად“. „საერთო ჯამში, საქართველო განვითარდა და ჩამოყალიბდა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და ჩვენი ძალისხმევა დადებითად ფასდება საერთაშორისო დონეზე“, – თქვა პრემიერმა.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც მისივე თქმით, „განამტკიცა ევროკავშირში საქართველოს მომავალი“. „განზრახული გვაქვს, რომ სწრაფად მოხდეს წინსვლა ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე… ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ გულდასმით ვიმუშავეთ თითქმის 12-ვე რეკომენდაციაზე, რომლებიც საქართველოს განესაზღვრა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“.

„ჩვენი საერთო ისტორია ცხადყოფს, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ გააჩნია მსოფლიოში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში“, – თქვა საქართველოს პრემიერმა და დასძინა, რომ „საქართველო რჩება ერთგული ჩვენი საერთო პრინციპებისა და ღირებულებების დაცვის მიმართ და მოუთმენლად ველით ევროსაბჭოს ფარგლებში თქვენთან თანამშრომლობას და წინსვლას“.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მომდინარეობს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან, როდესაც რუსეთი აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს ჩვენთან“.

„ჩვენმა ქვეყანამ ამ ომის შედეგად დიდი დანაკლისი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ, ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი და მშვიდობის ფასიც. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ომი გამოვიარეთ. კარგად ვაცნობიერებთ, რა მოაქვს ომს და ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოქმედმა მთავრობამ უზრუნველყო „ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“.

სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები

ისლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ხრისტოდულიდესს და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრს, მარკ რუტეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს იყო და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button