ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ

საქართველოში კონფლიქტის შესახებ 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაცია კვლავ აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიან რეგიონში“.

ამ კონტექსტში, კომიტეტმა ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, „მზარდ სამხედრო წვრთნებსა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას“, ასევე ალიანსის ან ინტეგრაციის თაობაზე სოხუმთან და ცხინვალთან დადებული შეთანხმებების განხორციელებას.

ამ შეთანხმებებს შორის კომიტეტმა „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შესახებ მოსკოვის 2020 წლის პროგრამა და ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ 2021 წლის შეთანხმება დაასახელა.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს, რომელთა მიზანიც საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლაა“ სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

ამასთან, გადაწყვეტილება გმობს ცხინვალის რეგიონში ცოტა ხნის წინ გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და აფხაზეთში ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებს“.

მინისტრების მოადგილეებმა შეშფოთება გამოხატეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის, ქართული ძეგლების განადგურებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების გამო.

გადაწყვეტილებაში სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებების თაობაზე და ხაზგასმულია გალელი ირაკლი ბებუას შემთხვევა, რომლის „ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა“, ასევე გენადი ბესტაევის შემთხვევა, რომელიც ცხინვალის ციხიდან თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს, მათ შორის, საკუთარი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.

კომიტეტმა ასევე მოუწოდა რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში თვითნებურად დაკავებული პირები დაუყონებლივ გაათავისუფლოს, გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილებისთვის შექმნილი ბარიერები მოხსნას და დაასრულოს დაუსჯელობის პრაქტიკა იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მკვლელობას ეხება.

მან ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ შეწყვიტოს გალისა და ახალგორის რაიონების ქართველი მაცხოვრებლების წინააღმდეგ ეთნიკური დისკრიმინაცია, მათ შორის მოთხოვნები, რომ უცხოელ რეზიდენტებად დარეგისტრირდნენ ან გვარები შეიცვალონ იმისათვის, რომ სრულფასოვანი სამოქალაქო უფლებებით ისარგებლონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button