skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ცვლილებას 74 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. კანონდარღვევის შემთხვევაში, პირი ჯარიმდება 500 ლარით, ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით.

პარლამენტმა, ასევე, მესამე მოსმენით, 75 ხმით, 20-ის წინააღმდეგ მიიღო თანმდევი პროექტი, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს დაემატა ახალი სანქცია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

რეაგირება ცვლილებებზე

მიღებულ ცვლილებებს ოპოზიცია და აქტივისტები „ახალ რუსულ კანონად“ მოიხსენიებენ. რამდენიმე აქტივისტმა პარლამენტის შენობის წინ 5 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქცია გამართა. მომიტინგეებმა კარვები აღმართეს და ტერიტორიაზე მთელი ღამით დარჩნენ. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან კანონმდებლობაზე ვეტოს დადებას მოითხოვდნენ.

აქციის დროს ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული. ამასთან, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა, კახა გრიგორიადისი ტერიტორიიდან განარიდეს. როგორც პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბექა და კახა გრიგორიადისები საპატრულო პოლიციის მანქანებით წაიყვანეს. უცნობია, ისინი დააკავეს, თუ უბრალოდ ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა 6 ოქტომბერს, რომ პრეზიდენტმა ვეტოც რომ დაადოს კანონს, პარლამენტი მას დაძლევს, რადგან „მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი, პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს“.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 6 ოქტომბერს საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა: „რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და არ აქვს მნიშვნელობა ვისკენაა ის მიმართული, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 4 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button