დაწვრილებით

„ქართული ოცნება“ რუსეთისა და უკრაინის შესახებ PACE-ს კენჭისყრას არ დაესწრო

Რა მოხდა?

2023 წლის შემოდგომის სესიაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინისა და რუსეთის შესახებ ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. 12 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია ჰოლოდომორს „გენოციდის აქტად“ აღიარებს, რომლის მიზანიც „უკრაინული ერის, ენისა და კულტურის ხერხემალში გადატეხვა იყო“, და პატივს მიაგებს მის მსხვერპლთა ხსოვნას. PACE-მ ყველა წევრ სახელმწიფოს ანალოგიურის გაკეთებისკენ მოუწოდა. რეზოლუციას მხარი ასამბლეის 73-მა წევრმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა, თავი არავის შეუკავებია.

13 ოქტომბერს PACE-მ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს დიქტატურად აცხადებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობა 2024 წელს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ არალეგიტიმურად აღიაროს. PACE-მ ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, შეწყვიტონ ყველანაირი კონტაქტი პუტინთან, ჰუმანიტარული და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული კონტაქტების გარდა“, – იტყობინება ასამბლეის პრესსამსახური.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რაც გამოიწვია ხელისუფლებაში ყოფნის უკიდურესად ხანგრძლივმა ვადამ, ასევე კონტროლისა და ბალანსის ნაკლებობამ, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია“, – განაცხადეს პარლამენტარებმა.

ამასთან, საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც შეისწავლის რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის როლს ყირიმის ანექსიაში, დონბასის ომში და 2014 წელს მალაიზიური Boeing MH17-ის ჩამოვარდნაში. რეზოლუციას მხარი ასამბლეის 43 წევრმა დაუჭირა, 9 წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა ან თავი შეიკავა.

როგორი იყო ქართული დელეგაციის პოზიცია?

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია ხუთი დეპუტატისგან შედგება: ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება), თინათინ ბოკუჩავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ქეთევან თურაზაშვილი (მოქალაქეები), ირაკლი კობახიძე (ქართული ოცნება), ეკა სეფაშვილი (ხალხის ძალა).

თუმცა, ქართული მხრიდან, ორივე რეზოლუციას ერთადერთმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი და ეს იყო ქეთევან თურაზაშვილი პარტიიდან „მოქალაქეები“. PACE-ს სამუშაო სესიას დელეგაციის სხვა წევრები, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ არ დასწრებიან.  

საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის არყოფნა, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური და ევროპაში უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისა და საქართველოზე ამ მოვლენების პოტენციური ზემოქმედების გათვალისწინებით,  კითხვის ნიშნებს აჩენს.  

რა კომენტარი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ დაუსწრებლობაზე?

ამ კითხვების საპასუხოდ, ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა: „ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დაემთხვა, არჩევნები პოლონეთში და ჩვენი წარმომადგენლები იქ იმყოფებიან და მე კიდევ სხვა ვალდებულებები მქონდა, რომელიც აქ მაქვს… ჩვენი საქმიანობების პრიორიტეტების თქვენთან შეთანხმებას არ ვაპირებ. საზოგადოებას განვუმარტე და ვთქვი, რომ სესიის განმავლობაში, სხვადასხვა სესიაზე ადრე წლებში სხვადასხვა შემადგენობით ვესწრებოდით .. ჩვენ თუ ვსაუბრობთ და რამე კომუნიკაცია გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს გამომდინარეობს მხოლოდ ერთი ამოცანიდან – ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი დიქტატურა, ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა: „დღეს ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციაში არის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან“.

რას ნიშნავს დაუსწრებლობა?

ქეთევან თურაზაშვილის თქმით, მან სესიამდეც იცოდა, რომ პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმებოდა  და ეს ინფორმაცია „სავარაუდოდ, დელეგაციის ყველა წევრს უნდა სცოდნოდა“.

რეზოლუციაზე კომენტირებისას მან თქვა: „გვახსოვს პუტინის აგრესია საკუთარ თავზე გამოცდილი ქართველებს, ვხედავთ პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და  რა თქმა უნდა, ყველანაირი ზომა უნდა მივიღოთ, რომ ეს შეწყდეს“.

დიპლომატიურ სამყაროში, თუ ქვეყანას არ სურს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში კენჭისყრისას მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, მას რამდენიმე ვარიანტი აქვს: თავი შეიკავოს, დატოვოს კენჭისყრის დარბაზი, ან საერთოდ არ გაგზავნოს დელეგაცია. PACE-ში ბოლო კენჭისყრის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ეს უკანასკნელი ვარიანტი აირჩია.

რაც არ უნდა ალოგიკური ან არაინტუიციური ჩანდეს „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებებს რუსეთთან დაახლოების თაობაზე, ასევე უკრაინასთან ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას, ასეთი დაუსწრებლობა სულაც არ გამოიყურება მოულოდნელად.

და შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების არყოფნა სტრასბურგში არის სიგნალი, რომლის შეუმჩნევლობაც რთულია და თავისთავად პოზიციას წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში შედიან 46 ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის საბჭომ თავისი სტატურის სერიოზული დარღვევის გამო რუსეთი საკუთარი რიგებიდან გარიცხა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button