დაწვრილებით

კვლევა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობით გამოწვეულ რისკებს აფასებს

 3 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და Zinc Network-მა კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში რუსული ბიზნეს მფლობელობით გამოწვეულ პოტენციურ რისკებს აფასებს. კვლევაში რუსეთი მიჩნეულია გლობალურ საფრთხედ, ხოლო მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ ბიზნეს აქტივების ფლობა – ჰიბრიდულ საფრთხედ.

კვლევაში შეფასებულია ის პოტენციური რისკები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ ბიზნეს აქტივების ფლობას შესწავლილ რვა სექტორში: ელექტროენერგია, ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომუნიკაციები, სამთომოპოვება და მინერალური წყლები, ტურიზმი, საბანკო, სამშენებლო და ტრანსპორტირების სექტორები.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რუსეთის გავლენა ელექტროენერგიის სექტორზე მნიშვნელოვანია, რაც რუსული ბიზნეს კომპანიების მიერ პირდაპირი მფლობელობითა და კონტროლით გამოიხატება.   

ნავთობისა და გაზის სექტორში ასევე შეინიშნება მნიშვნელოვანი გავლენა, განსაკუთრებით რუსეთის საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ ფუნქციონირების გამო. გარდა ამისა, Petrocas Fuel Services Georgia წარსულში ასევე იყო დაკავშირებული რუსეთთან.

რაც შეეხება კომუნიკაციების სექტორს, აქ რუსული კაპიტალი დაკავშირებულია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ვიონ ჯორჯიასა“ (ყოფილი „ბილაინი“ და ამჟამად „Cellfie“) და აღნიშნულ სექტორში დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის გავლენასთან. კვლევის თანახმად, ინჯიას ოჯახისა და „ვიონ საქართველოში“ წარსულში არსებული მკაფიო რუსული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების სექტორში რუსული მფლობელობის კონცენტრაციის ხარისხი ზომიერად საყურადღებოა.

ანალოგიურად, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორში ასევე შეინიშნება ზომიერი რუსული გავლენა, კერძოდ, კომპანიებში „აიდიეს ბორჯომი“ და RMG რუსული კაპიტალის არსებობის გამო.

რისკები საქართველოს უსაფრთხოებისთვის

კვლევა გამოყოფს ექვს „მაღალი სიმწვავის“ რისკს, რომლებიც იმ რუსეთის მოქალაქეებთან ან კომპანიებთან ასოცირდება, რომლებიც საქართველოში ბიზნესებს ფლობენ.  პირველი, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამგვარმა მფლობელობამ შესაძლოა გაზარდოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა საქართველოზე, რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ურთიერთდაკავშირებული ინტერესების გამო.

მეორე, რუსული კერძო ბიზნეს მფლობელობა პოტენციურად ხელს უწყობს კორუფციული პრაქტიკების დანერგვას, რაც შეიძლება გამოიხატოს „მბრუნავი კარის“ პრინციპის, გადასახადებისგან თავის არიდების ან სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ბოროტად გამოყენების შემთხვევებში.

მესამე, ანალიზი აჩვენებს, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება იწვევს ეკონომიკური მანიპულაციის რისკებს, მათ შორის ფასებით მანიპულირებას.

გარდა ამისა, კვლევა ჯაშუშობის პოტენციალზეც მიუთითებს, იქნება ეს კომერციული, პოლიტიკური თუ პერსონალური ინფორმაცია, და ამის მაგალითად რუს ბიზნესოპერატორებს, როგორიცაა Yandex Go და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის კავშირების თაობაზე ემპირიული მტკიცებულებები მოყავს.

გარდა ამისა, კვლევა საბოტაჟს ასახელებს როგორც კიდევ ერთ პოტენციურ რისკს, რომელიც საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობით წარმოიშვება.

დოკუმენტი სანქციებისა და მათი თავიდან აცილების რისკზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რუსული მფლობელობის ქვეშ მყოფი კომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ მათი მფლობელების კავშირების გამო.

რეკომენდაციები

კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი სამი რეკომენდაცია:

  1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) კონტროლის მექანიზმის დანერგვის პოტენციური ზეგავლენის შესწავლა:  კვლევის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დაახლოებით მესამედმა, უკვე დანერგა ინვესტიციების კონტროლის მექანიზმი რაიმე ფორმით. თუმცა, ინვესტიციების კონტროლის განსხვავებული პროცედურებია დამკვიდრებული. ამგვარი მექანიზმი შესაძლოა აკონტროლებდეს ინვესტიციებს მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ან მხოლოდ იმ ინვესტიციებს, რომლებიც მტრული სახელმწიფოდან შემოედინება. აგრეთვე განსახილველია რამდენად დასაშვებია ყველა მოცულობის ინვესტიციის კონტროლი, ან რამდენად უნდა იყოს აღჭურვილი ინვესტიციების კონტროლის პროცედურა რეტროსპექტული უფლებამოსილებით. კვლევის ავტორთა შეფასებით, საქართველოში შესაძლოა გონივრული იყოს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში რუსეთის მიერ განხორციელებული ისეთი ინვესტიციების კონტროლის ex-ante მექანიზმის შემოღება, რომლის შედეგადაც ინვესტორის საკუთრებაში გადადის სულ მცირე 10%-იანი წილი.
  2. რუსეთის საკუთრებაში არსებულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების მიმოხილვა ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის შექმნის საფუძველი მნიშვნელოვანია, დასაბუთებული იყოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებში, როგორებიცაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ან საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ამ ეტაპზე, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მხოლოდ ზოგადად არის საუბარი რუსეთთან დაკავშირებულ საომარ და არაკონვენციურ საფრთხეებზე, ხოლო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი.

  • კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რეფორმის მიღების ხელშეწყობა ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით: კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესასრულებლად, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის შესახებ რეფორმის მიღების ხელშეწყობაა. აღნიშნული რეფორმის შემოღება მნიშვნელოვანია, რათა არსებობდეს შეთანხმება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებისა და მისი დაცვის პრინციპების შესახებ ქვეყნის შიგნით.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ რუსული ბიზნეს მფლობელობა საქართველოში რუსეთის საერთო ეკონომიკური ბერკეტის მხოლოდ ერთი ასპექტია. ავტორები ამბობენ, რომ რუსეთზე უფრო ფართო ეკონომიკური დამოკიდებულების, მათ შორის რუსული ბიზნესის მფლობელობის შეფასება, აუცილებელია საკითხის მასშტაბის გასაგებად.

ამასთან, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლისკენ ისწრაფვის, დროთა განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორებად გვევლინებიან ახალი სახელმწიფო აქტორები, როგორიც ჩინეთია. ამიტომ, კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანია პოტენციურად საფრთხის შემცველი გავლენებისგან (მაგ. აქტივების ფლობით გამოწვეული საფრთხეებისგან) სახელმწიფოთა დაცვის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა ამ აქტორების ეკონომიკური ინტერესების კონტექსტშიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button