უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე წარმოებაში არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა „თიბისი ბანკის“ და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის, ბიზნესმენ ავთო წერეთლის სარჩელი „ფულის გათეთრების“ საქმეზე. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკისს“ დამფუძნებლებს და ახლა უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი არ დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა.
ადვოკატის თქმით, გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა, თუმცა მისი თქმით, ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული იყო და ამის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/01/2022 – სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ
- 11/01/2022 – საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმის ბოლო მოსმენა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)