skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე, ზურაბიშვილის იმპიჩმენტსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობს

28 სექტემბერს კახეთში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, საქართველოს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და აშშ-სთან ურთიერთობები.

რუსეთთან პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა „ღარიბაშვილის მთავრობასთან შეათანხმა ფრენების განახლებისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი“.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება“. „რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს… ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოიწონა რუსეთის გადაწყვეტილება და მას საქართველოს ხალხისთვის „კარგი ნაბიჯი“ უწოდა.

კითხვაზე მონაწილეობდა თუ არა აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან ფრენების განახლებაზე მოლაპარაკებებში, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის სახელით რაიმე ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოიწონა.

პრემიერ-მინისტრმა გაკვირვება გამოხატა ფარცხალაძის დასანქცირების გამო და აღნიშნა, რომ „არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ აშშ-ის არცერთ სამსახურს“. მან ასევე განაცხადა, რომ „ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. მე მგონი, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?! კაცი წასულია 10 წელია ხელისუფლებიდან, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო [რუსეთის] პასპორტი“.

„ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, – დასძინა მან.

კანდიდატის სტატუსი

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, „ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ, ეს იქნება ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის“. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა სფეროში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. მისივე თქმით, საქართველო სტატუსზე უარს არ შეეგუება.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არაფერი აქვს საერთო კანდიდატის სტატუსთან. მან ასევე განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა „საკუთარი, მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში მითუმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს გეოგრაფიაზე მინიშნება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი“. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ერთდაერთი იყო, რომელმაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ კითხვები დასვა.

შეხვედრები აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ძალიან საინტერესო“ უწოდა. მისი თქმით, საქართველო „დიდი ოპტიმიზნით“ ელის აშშ-ის ახალ ელჩს. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს „ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია“ და დასძინა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ „მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი“.

ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ღარიბაშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სისტემამ გამოარჩია ერთი ადამიანი და დასაჯა იმისათვის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეშინდეთ და აღარ გამოვიდნენ ქუჩაში“. 

„მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო ყველა ადამიანის მიმართ, ერთი კი არა, ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button