skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრა. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკს 16 სექტემბრიდან სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

თავისი გამოსვლის დასაწყისში ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ძლიერი ერი, რომელიც „აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში“. მან 2008 წლის ომიც გაიხსენა, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების დევნილობა მოყვა.

„მიუხედავად გამოვლილი  განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის „უწყვეტი ათწლეული“. მან საერთაშორისო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. პრემიერმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო სამ წელიწადში მშპ-ს „მნიშვნელოვან ზრდას“ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო კანონის უზენასეობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. “[NUMBEO] “Crime Index” საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან გლობალურ ჭრილში მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და აღნიშნა, რომ ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. პრემიერის თქმით, განათლება და სოციალური უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება და მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სკოლებსა და ბაღებში, საყოველთაო ჯანდაცვაში.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აფხაზ და ოს ხალხებსაც მიმართა: „მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს –  ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და  სრული პოტენციალის გამოვლენა  როგორც გაერთიანებულ ერს.  არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ”.

ღარიბაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საქართველოს ერთგულებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“. მისივე თქმით, „ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთწოდებული „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა“.

რეგიონულ გამოწვევებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. „ჩემი მთავრობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში“, – აღნიშნა მან.

ღარიბაშვილმა მშვიდობის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა“ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.

„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატოს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ 32 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა „თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის“. მისი თქმით, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო „ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად“.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა ფინანსურ სექტორზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე, როგორიცაა შუა დერეფანი. მან ხაზი გაუსვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებას და ეკონომიკურ ზრდას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობების გაორმაგების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის გეგმებზე, რაც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირების გაფართოებასა და და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button