სერგეი ლავროვი: დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს
რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჟურნალისტის კითხვაზე ხედავს თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს მომავალში აღდგენის რაიმე შესაძლებლობას, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება „სააკაშვილის რეჟიმმა“ მიიღო.
ლავროვმა განაცხადა: „დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს. ეს სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა იყო, რომელმაც აშშ-ის წაქეზებით, საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე აღმართა ხელი, რომელთაც საკუთარ მოქალაქეებად თვლიდა, მშვიდობისმყოფელებზე აღმართა ხელი. და როდესაც ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსირება ანტი-რუსული ქმედებებით დაიწყო“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ არასდროს ვეპყრობოდით ქართველ ხალხს ნეგატიურად, ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა ხალხი. რუსეთის ისტორიაში, და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ“.
მისი თქმით, როდესაც მოსკოვმა დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, „ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილთან ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღება და ფრენების განახლება „ჩვენს ურთიერთობებს უფრო მოსახერხებელს და კონფორტულს ხდის“. ლავროვის თქმით, „ფრენების რაოდენობა იზრდება, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფია და იზრდება სავაჭრო ბრუნვა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო საქონელი „ძალიან პოპულარულია რუსეთში: ღვინო, ბორჯომი და ბევრი სხვა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/08/2023 – რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს
- 18/08/2023 – მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარულმა საფოსტო გადაზიდვებმა 1.5 თვეში 4.6 ტონას მიაღწია
- 20/09/2023 – „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას განიხილავს
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)