პარლამენტმა ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 სექტემბერს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარდგა და შოვის ტრაგედიის შესახებ ოპოზიციის კითხვებს უპასუხა. გომელაური პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დაიბარა.
დეპუტატები მინისტრს ხუთი კითხვით მიმართეს. მათ აინტერესებდათ, რატომ არ ამოქმედდა SMS ადრეული შეტყობინების სისტემა; რატომ დაიწყო სამაშველო ოპერაციები 3 საათის დაგვიანებით; რის საფუძველზე გადაწყვიტა მთავრობამ არ ეთხოვა საერთაშორისო დახმარება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში; რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ტექნიკა და რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებს; და რის საფუძველზე თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის საფუძველზე ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის („HUEY II“) შეძენაზე.
მინისტრმა საპასუხოდ თავისი წინა განცხადებები გაიმეორა. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები შეძლებისდაგვარად მალე დაიწყო, მაშველები ადგილზე 28 წუთში, მძიმე ტექნიკა ერთ საათში, ხოლო ვერტმფრენები სამ საათში ჩაფრინდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ეს მიდგომა ყველაზე ოპტიმალური იყო მთიანი რელიეფის და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით. მან ასევე აღნიშნა, რომ მეწყერი უეცარი და მოცულობითი იყო, რის შედეგადაც ყველა მსხვერპლი მომენტალურად დაიღუპა, რასაც მოწმობს ნაპოვნი ცხედრების მძიმე მდგომარეობა.
კითხვაზე, თუ რატომ თქვა მთავრობამ უარი მეზობელი ქვეყნების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე, გომელაურმა გაიმეორა, რომ დამატებითი დახმარების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ოპერაცია ჩატარდა მაქსიმალური შესაძლებლობებით და ადგილზე მაშველებს ჰქონდათ საჭირო მომზადება დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესასრულებლად. რაც შეეხება დეპუტატ თინა ბოკუჩავას შეკითხვას, თუ რატომ არ შეიძინა საქართველომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი (“HUEY II”) შეერთებული შტატების გრანტის სახით, გომელაურმა განმარტა, რომ ეს მოლაპარაკებები, რომელიც 2016 წელს გაიმართა მთავრობასა და აშშ-ს შორის, გულისხმობდა თავდაცვის ძალებისთვის და არა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შვეულმფრენების შესყიდვას.
ადრეული შეტყობინების სისტემების შესახებ კითხვების საპასუხოდ, მინისტრმა კითხვა ექსტერტებთან გადაამისამართა და აღნიშნა, რომ მათ უფრო დეტალური პასუხი ექნებათ ამ კითხვაზე. საქართველოს ამჟამინდელ სამაშველო შვეულმფრენებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ არსებული ვერტმფრენები სრულად იყო აღჭურვილი ღამის ხედვის შესაძლებლობებით და ეფექტურად მოქმედებდნენ.
საპარლამენტო მოსმენის დროს დამსწრეებს შორის რამდენიმე მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ შსს იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის არ იყო მზად შოვის ტრაგედიაზე რეაგირებისთვის. იგივე პოზიცია მან 2015 წელს თბილისში, 2017 წელს ბორჯომში და 2022 წელს გუდაურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებითაც გააჟღერა.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტია „ლელოდან“ ასევე გააკრიტიკა შს მინისტრი და უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა:.„რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? – რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ“.
დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ „ევროპელი სოციალისტებიდან“ არ გაამართლა გომელაურის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. „ვინმემ უთხრა შარლ მიშელს, 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე ხელმოსაწერად რომ ჩამოვიდა, ბელგია წყალმა წაიღო, 200 კაცი გარდაცვლილი იყო, 400 დაკარგული და 10 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი, ვინმემ უთხარით მაშინ, რატომ ჩამოხვედიო? რატომ არ უთხარით იმას, რა გინდა, აქ რომ მოდიხარო? შოვში, სტიქიის ადგილზე მინისტრი იქნებოდა თუ მინისტრის მოადგილე, რა მოხდა, დაიქცა ქვეყანა ამით? რომ ყოფილიყო, გადარჩებოდა ვინმე? სამ საათში მოთავებული იყო ყველაფერი, უბრალოდ მოსაძებნი იყო ხალხი. იმათ არაფერი ეშველებოდათ. ერთ ადამიანს ჩამოჰკიდოთ დღეს სტიქიური უბედურება, არ მიმაჩნია სწორად“, – განაცხადა ენუქიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
08/08/2023 – ვიცე-პრემიერი: შოვის ტრაგედია გარდაუვალი იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)