skip to content
ახალი ამბები

ვიცე-პრემიერი: შოვის ტრაგედია გარდაუვალი იყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ შოვის ტრაგედია გარდაუვალი იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის დადებული პირობის მიხედვით, ხელისუფლებამ დაიწყო გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა, რაც ყოველწლიურად მონიტორინგის ანგარიშის სახით ქვეყნდება და პროექტების დაგეგმვისთვის გამოიყენება. მან შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ მედიასთან 7 აგვისტოს გამართული მთავრობის სხდომის შემდგომ ისაუბრა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მესტიაში სტიქიური უბედურების დროს გაკეთებული განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნება“, კონტექსტიდან ამოიღეს.

მან მის მიმართ მიმართული კრიტიკა უარყო და აღნიშნა: „…ესეც გახდა სპეკულირების საგანი. აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ ან თემის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ, რაც სამწუხაროა. ეს, ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა“. 

დავითაშვილმა ხაზი გაუსვა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ 2018 წლიდან განხორციელებულ ერთობლივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლასა და პრევენციას. დავითაშვილმა განაცხადა: „… კიდევ ერთხელ ხაზგასმით, მინდა, ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში. ჩვენ რაც უნდა სისტემები გვქონდეს, გავაკეთოთ, გვაქვს ან გვექნება, შეიძლება, სამწუხაროდ, მოხდეს ტრაგედიები და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან ჩვენ შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ“.

მან აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება [ნაციონალური მოძრაობა] არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს მონიტორინგის სისტემა არ ჰქონდა და დასძინა: „მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სადგური და ჩვენ დაგვხვდა – არცერთი. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი ამაზე აღარ იყო პასუხისმგებელი“.

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერების საქმეში მიღწეულ „არსებით პროგრესზე“ და თქვა: „ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, შევიძინეთ და დაიწყო მისი მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენ უკვე დავაკვირდეთ წყლის მატებას“. მინისტრმა ასევე განაცხადა სამი თანამედროვე რადარის შეძენის შესახებ, მათ შორის, ახლახან შეძენილი ორი ერთეულის, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.

დასასრულს, დავითაშვილმა ისაუბრა გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებას ხელს უშლის: „დღეს ქვეყანას რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია, ან რაღაცების თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლურები არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის კუთხით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button