skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაზე ისაუბრებს. დღევანდელ სხდომაზე ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მოუსმენენ. იგი საპარლამენტო ოპოზიციამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიიწვია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე“.

14/09/2023 – აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

აქციის მონაწილეები შოვის ტრაგედიის გამოძიებასაც ითხოვენ და ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სტიქიის ზონაში არ ამოქმედდა ადრეული შეტყობინების სისტემა და სამაშველო ოპერაციები დაგვიანებით დაიწყო.   

იმავდროულად, პარლამენტმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, შენობასთან წვდომა შეზღუდა, ხოლო ტერიტორიაზე სამართალდამცველები განათავსა.

კომენტარები აქციიდან

იგორ ნარმანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „უნდა დავხვდეთ რუს კოლაბორაციონისტ მინისტრს [გულისხმობს შს მინისტრს], რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ჩვენს მომავალს, რომელიც იცავს რუს ჯაშუშებს და ასევე პასუხისმგებელია შოვის ტრაგედიაზე. მან უნდა იცოდეს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ის აუცილებლად იქნება გასამართლებული რუსი ჯაშუშების დაცვისთვის, მათ შორის ისიც რუსი ჯაშუშია, ეს დადასტურებულია და ჩვენ კარგად ვიცით… ამიტომ, ჩვენ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ მინისტრ გომელაურს“.

ელენე ხოშტარია, „დროას“ ლიდერი: „გომელაურის მოსვლა ვერ ჩაივლის ჩვეულებრივად, იქნება პროტესტი… ურთიერთობის ერთადერთი რეჟიმი არის შეტევა და ასე უნდა ვიყოთ ყოველთვის, ეს იქნება სხვადასხვა ფორმის, ეს იქნება პარლამენტის შიგნით, თუ  გარეთ, იქნება ბევრ ადგილას… დღეს მოდის გომელაური, აქტივისტები დაელოდებიან, ჩვენც აქ ვიქნებით და დისკომფორტს შევუქმნით“.    

დაჩი ნატროშვილი, სტუდენტი: „ჩვენ გვინდა მას [გომელაურს] მოვუწყოთ დახვედრა, რადგან ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა და ბევრი პრობლემა, „ქართულ ოცნებას“ ადათ-წესად ექცათ, რომ ისინი პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან და ვახტანგ გომელაური ამის ერთ-ერთი მაგალითია“. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button