ირაკლი კობახიძე ფარცხალაძეზე განცხადებების გამო ეროვნულ ბანკსა და პრეზიდენტს აკრიტიკებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს გამოესარჩლა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადატრიალების დაგეგმვის შესახებ განცხადებები დაადასტურა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა, კობახიძემ განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
„ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია“, – განაცხადა კობახიძემ. სანქციებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც დაწესდა, „თავისი შინაარსით არის სისხლის სამართლებრივი“, ხოლო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, „კერძოდ, ადამიანის უფლებების ნაწილში“.
ამ კონტექსტში, მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ „გენერალური პროკურორი FSB-ს აგენტი იყო“ და საქმის ზედმიწევნითი გამოძიებისკენ მოუწოდა. კობახიძის თქმით, ამგვარი ბრალდებები არ უნდა გაჟღერდეს მტკიცებულებების გარეშე, მითუმეტეს პრეზიდენტის მიერ. „ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არა თუ საქართველოს პრეზიდენტს“.
კობახიძემ ასევე დაადასტურა უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმადაც „გარკვეული ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს“ და განაცხადა, რომ ამ გეგმების უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/09/2023 – სუს-ი: გარკვეული ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს
- 14/09/2023 – აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)