skip to content
ახალი ამბები

შეფასებები სუს-ის მიერ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ თემაზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ.

სუს-ის განცხადებაში დასახელებული პირების კომენტარები

მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი: „მოდით, დავარქვათ ყველაფერს ის სახელი, რაც რეალობაშია – ქართული მთავრობა ასრულებს რუსულ დავალებას და ცდილობს, დისკრედიტაციას. სინამდვილეში „ქართული ლეგიონისთვის“  სირთულეების შექმნა უნდათ და მიიღეს სწორედ ასეთი დავალება. დაახლოებით, იგივე სცენარია, რაც გათამაშდა რუსეთში და მოგვისაჯეს 25-25 წელი ქართული ლეგიონის წევრებს. რაც შეეხება გიას [ლორთქიფანიძე], გიასთან ვმეგობრობ, მაგრამ სისულელეა ასეთ რაღაცაზე ლაპარაკი. ბატურინი – არ ვიცი, ვისზეა საუბარი… პრიმიტიული რუსული სცენარია, რუსეთმა საკმაოდ ბევრი მიიღო „ქართული ლეგიონისგან“ და ახლა ცდილობენ რევანშს“.

გიორგი მელაძე,  ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ორგანიზაცია  CANVAS-ის დირექტორი: „სუსი ლაპარაკობს გადატრიალებებზე… რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია „კანვასს“. „კანვას საქართველოს“ დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება! პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც „ექსტრემისტი“ მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად. რასაც სუსი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან“.

მიხეილ ბატურინი, მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი: „ეს არის სრული ბოდვა. ალბათ, ესენი თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ბრალს დებენ მოსახლეობას. ამ მთავრობის ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ქმედებებია. როცა მთელი თავისუფალი სამყარო გამიჯნულია რუსეთისგან, რუსული აგრესიისგან, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს“.

შეფასებები

შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარე: „ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი – ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია“.

გივი მიქანაძე, „ქართული ოცნება“, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარი: „რადიკალები აბსოლუტურად ვერანაირი ფორმით ვერ ახდენენ საზოგადოებაში რეაბილიტაციას და რაიმე ნდობის მოპოვებას იმისთვის, რომ მათ ლეგიტიმური გზით რაღაც წინსვლა მაინც ჰქონდეთ. ამის ნაცვლად, რადიკალურმა ფრთამ აჩვენა სრული ლუსტრაცია, ჩამოიხსნა ნიღაბი და საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ მათი ერთადერთი ზრახვა და მიზანი არის საკუთარი, პირადი და ვიწროპარტიული ინტერესები. ამ ფონზე, ისინი ხედავენ გარემოებებს, რომ არანაირი შანსი და პერსპექტივა არა აქვთ. როგორც 2024, ასევე შემდგომ არჩევნებშიც და უკვე წინსწრებით ცდილობენ, რომ მაქსიმალურად, ყველა შესაძლო მომენტი გამოიყენონ იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანონ საქართველოში“.

გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“, დეპუტატი: „არაერთი მტკიცებულება გვქონდა ჩვენ, რომელიც საზოგადოებას მივაწოდეთ და მოხდა ისე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს ყველაფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ქართული საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ ის მზაკვრული გეგმები, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს, სამშობლოს წინააღმდეგ ჰქონდათ და აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის რეალური… უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არსებობენ საქართველოს მტრები, რომელთაც აღიზიანებთ საქართველოს წარმატება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სურთ, დაშლა, დაქუცმაცება და მეორე ფრონტის გახსნა“.

ვატო შაქარიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული ფაქტების, პირების და კავშირების წარმოდგენით, დაადასტურა ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით – ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი. გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა. წარუმატებელი უკრაინული კონტრშეტევის ფონზე, მეორე ფრონტი დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს!…  მშვიდობის და სტაბილურობის ისეთ რელსებზე დგება საქართველო, საიდანაც გადაყვანა ძალიან გაუჭირდება, ისედაც კატასტროფის წინაშე მყოფ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ამიტომ დრო არ ითმენს, ოქტომბერ-დეკემბერში სასწრაფო „მაედანიზაცია“… ყველას ვურჩევ, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის „გამოცდილებას“…ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე“.

ლევან ხაბეიშვილი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.

პაატა მანჯგალაძე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ფარცხალაძის კადრებია არამხოლოდ პროკურატურაში და ფინანსურ პოლიციაშია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. ისინი ცდილობენ გადაიფაროს დიდი სკანდალი, რომელიც დაკავშირებულია დიდი რუსული აგენტურული ქსელის გამომჟღავნებასთან, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობდა და დაიგეგმა ე.წ. სპეცოპერაცია რიგითი ფარცხალაძის გადასარჩენად“.

დავით უსუფაშვილი, პარტია „ლელო“: „ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომო და საგაზაფხულო დაანონსება უბედურების, რომ ზუსტად იციან ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, იარაღით და უბედურებით მოემართება ვიღაც საქართველოში ან აქ აკეთებს ორგანიზებას და დღემდე ვერც ერთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვერც ერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავებმა გამოიძიეს. ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელში შეგვრჩება ხოლმე მაქსიმუმ ქუჩაში შეხლა-შემოხლა მიტინგების დროს. ეს რატომ ხდება, აქ კითხვაც, მგონი, სრულიად უადგილოა, რადგან სრულიად ცალსახაა – როგორც ჩანს, ოქტომბერ -დეკემბერში ელიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას თავისთვის და ახლა აანონსებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, „ლელო“ ამ ინფორმაციაზე სერიოზულად ვეღარ და აღარ ვრეაგირებთ. რაც შეეხება თავად გადატრიალებებს და გადმოტრიალებებს, ამაში არც რეალობაში ვმონაწილეობთ და არც ზღაპრებში და საერთოდ ვემიჯნებით ყველაფერს, ამაზე ვინმე მოფიქრალსაც და ამ თემით სპეკულირების გამკეთებელსაც“.

მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“: „რადგან ამ განცხადებას აკეთებენ, მაშინ საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რამე გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა, გამოიძიონ ეს ყველაფერი და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს პირები უნდა დაისაჯონ… მე ვერ გეტყვით ეს ყველაფერი პრევენციულია თუ არა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დანაშაული მზადდება ან თუ დანაშაული ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“.

იაგო ხვიჩია, პარტია „გირჩი“: „საბჭოთა კავშირი რომ ებრძოდა უცხოელ აგენტებს და საკუთარ მოსახლეობას ამზადებდა თითქოს ისინი [აგენტები] რაღაცას მოაწყობდნენ ქვეყანაში, კონტრ-რევოლუციონისტებს, რომ ეძებდნენ დაახლოებით ასეთი ნადირობაა „კუდიანებზე““.

ელენე ხოშტარია, პარტია „დროა“: „მოკლედ საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბ-სთან ოცნების ჩახუტება. დროა ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები“.

კახა ოქრიაშვილი, პარტია „პროგრესი და თავისუფლება“: „სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა ! დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუს-ს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და „ფეიკი“ აღმოჩნდა… ამ განცხადებით, მათ  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს“.

ნიკა გვარამია, მთავარი არხის დამფუძნებელი განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „სუს-ის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან „პაკრიშკების რევოლუცია“. მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსად ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცეების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დაანონსეს „კუდიანებზე ნადირობის“ ახალი სეზონი და პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს…ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button