თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგის ქარდავა გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 სექტემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლომ მეგის ქარდავას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ პატიმრობა 4 წლის ვადით განესაზღვრა. მასვე 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ, მეგის ქარდავამ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა. მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დახმარებით, ქარდავამ ყალბი დოკუმენტები შექმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა.
მეგის ქარდავას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მეგის ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. იგი 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. „ციხის ბუნტის“, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ და „კასრების“, ასევე გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე, რისთვისაც ქარდავას დაუსწრებლად ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)