რა ხდება
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი უმაღლეს დონეზე ცდილობს თავიდან აიცილოს ახალი სამხედრო კონფლიქტი, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვრებთან ჯარის დაჯგუფება დაიწყო. ბაქომ მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივ ბლოკადაში მოაქცია. ამ ნიადაგზე, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება სომხეთსა და რუსეთს შორის.
ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
გაზრდილია ახალი სამხედრო კონფლიქტის საფრთხე, რომელიც გავლენას მოახდენს ძალთა ბალანსზე რეგიონში.
ანალიზი
ბოლო პერიოდის დინამიკა
პირველ სექტემბერს აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარემ ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
სროლა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. ამასთან, სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ და ასევე ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების კონცენტრაცია ხდებოდა. ეს მონაცემები დასტურდება სხვადასხვა ტელეგრამ არხებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიზუალური მასალებით. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებს.
ამ ფონზე, სომხეთის საექსპერტო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ახალი შეიარაღებული დაპირისპირების გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. პარალელურად, სომხეთის მხრიდან იზრდება კრიტიკა მოსკოვის მიმართაც, უსაფრთხოების გარანტის როლის არასათანადო შესრულების გამო.
ლაჩინის დერეფანი და კრიზისი ყარაბაღში
ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გადაკეტვით აზერბაიჯანი ცდილობს, საბოლოოდ გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორული მთლიანობის საკითხი.
თავიდან დერეფნის ბლოკირებას „გარემოს დამცველთა“ ჯგუფები ახდენდნენ, რომლებიც ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებასა და გამოყენებას აპროტესტებდნენ. ცხადია ამ აქციის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება იდგა.
აპრილის ბოლოს აზერბაიჯანმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი შექმნა ლაჩინის დერეფანში, რითაც კიდევ უფრო მეტად, ამჯერად ოფიციალურად გაიმყარა კონტროლი მასზე. შედეგად მკვეთრად შეიზღუდა სომხეთიდან ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა, გაჩნდა დეფიციტი და შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი.
ბაქო თვლის, რომ ყარაბაღის მომარაგება აზერბაიჯანიდან უნდა განხორციელდეს, რაც ამ რეგიონის აზერბაიჯანში ხელახალ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამ პოზიციას არც ყარაბაღის სომხური მოსახლეობა და არც ერევანი არ იზიარებს. ოფიციალური მოსკოვიც უარყოფითად აფასებს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ბაქოზე ზეწოლისთვის, რის გამოც სომხური მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს.
გარდა ამისა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი ყარაბაღისთვის სომხეთიდან გაზისა და ელექტრონერგიის მიწოდების გზებს აკონტროლებს და სომხური მხარის განცხადებით, ამ საკითხით მანიპულირებს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყარაბაღში ენერგოკრიზისსაც ელიან. რეგიონში შექმნილი კრიზისის ფონზე, აგვისტოს ბოლოს ყარაბაღის თავკაცი თანამდებობიდან გადადგა.
9 სექტემბერს ყარაბაღის მთავრობა დათანხმდა რუსეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიეღო აზერბაიჯანული აგდამის მხრიდან, ჩრდილოეთიდან და არა სომხეთიდან მომავალი ლაჩინის გზით, სამხრეთიდან.
ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენების პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები თავიანთ განცხადებებში დროდადრო ახსენებენ, რომ აზერბაიჯანს შესწევს ძალა მორიგი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ყარაბაღში და ასე გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
დაძაბულობა ერევანსა და მოსკოვს შორის
მაშინ როდესაც ბაქო საკმაოდ თავდაჯერებულია, ცდილობს მოახდინოს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დამდგარი შედეგების კონსოლიდაცია და საბოლოოდ გადაწყვიტოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო მწვავდება ერევანსა და მოსკოვს შორის, რომლებსაც ერთ დროს ყველა სტრატეგიულ პარტნიორებად თვლიდა. გასულ დღეებში მომხდარმა რამდენიმე ფაქტმა ერევანსა და მოსკოვს შორის უთანხმოება აშკარა გახადა:
- პირველ სექტემბერს სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი რატიფიცირებისთვის პარლამენტში გადააგზავნა. ეს სწორედ ის სასამართლოა, რომელმაც 2023 წლის მარტში პუტინის დაკავების ორდერი გასცა. შესაბამისად, მოსკოვში ამ ქმედების პოლიტიკური დატვირთვა მხედველობიდან არ გამორჩენიათ და ერევანს ოფიციალურად მოთხოვეს განმარტება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო.
- კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო) გამოიწვიეს სომხეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელის ვიქტორ ბიაგოვი, ოფიციალურად, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ოღონდ, ერევანს ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატი არ წარუდგენია.ამას დაერთო კუხოს მიმართ სომხური მხარის კრიტიკული განცხადებებიც.
- ასევე გამოცხადდა აშშ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება – Eagle Partner 2023, რომელიც 11-20 სექტემბერს სომხეთში გაიმართება. მასში 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მართალია სომხეთს ადრეც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში, მაგრამ აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო სწავლება მისთვის სიახლეა, რაც მოსკოვში მხედველობიდან არ გამორჩენიათ.
ფაშინიანის კრიტიკა
კრიტიკული განცხადებები უმაღლეს დონეზეც გაკეთდა, განსაკუთრებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც ფაშინიანმა უარყოფითად შეაფასა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოების საქმიანობა. იგი კრიტიკული იყო კუხოს მიმართაც. ფაშინიანმა სომხეთის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიდგომაც გაუმართლებლად მიიჩნია. მისი შეფასებით, შეცდომა იყო სომხეთის უსაფრთხოების თითქმის სრულად გადაჯაჭვა რუსეთთან.
ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების გახშირების ფონზე, პრემიერ მინისტრის მეუღლე კიივში ჩავიდა და მონაწილება მიიღო პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მესამე სამიტში. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანმა – უკრაინაში ომის განახლების შემდეგ პირველად – კიივში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა.
მოვლენათა განვითარების ამ ჯაჭვში ჯდება, 7 სექტემბერს, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 7 პირის დაკავება სომხეთში, რომელთა შორის რუსეთის პროპაგანდისტული მედიარესურსის „სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიქაელ ბადალიანი არიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ამ პირების დაკავება დასავლეთის მორიგ პროვოკაციად შეაფასა.
დასკვნა
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ მოვლენები უმეტესწილად აზერბაიჯანისთვის სასარგებლოდ ვითარდება. ბაქო სულ უფრო იძლიერებს საკუთარ პოზიციებს და ზრდის გავლენის ბერკეტებს ყარაბაღზე. ყარაბაღში კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კი უარესდება. ბაქოსთვის ალბათ პრიორიტეტული პრობლემის დარეგულირების მშვიდობიანი სცენარია, მაგრამ მისი რეალიზება ცხადია მარტივი არ არის. აზერბაიჯანულ-სომხურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელშიც ცალკე ბრიუსელის და ვაშინგტონის, ცალკე კი მოსკოვის ეგიდით მიმდინარეობს, განსაკუთრებული პროგრესი არ შეინიშნება.
თუმცაღა, გუშინ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ სამშვიდობო პროცესი არ შეწყვეტილა, დააზუსტეს, რომ “ამჟამად კომუნიკაციები გახსნილია” და დაამატეს, რომ პრობლემის გადაწყვეტას ეძიებენ.
სომხეთის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, ეჭვი დიდი ხანია აღარ ეპარებათ, რომ ყარაბაღის საკითხში მოსკოვის მხრიდან ქმედითი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებების წარმოებით არის დაკავებული. ამდენად, ყარაბაღში კრიზისის გაღრმავების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ერევანი მოსკოვის მიმართ სულ უფრო კრიტიკული ხდება.
რაც შეეხება ბაქოს მხრიდან ძალის გამოყენებით ყარაბაღის საკითხის გადაჭრის თაობაზე გახშირებულ საუბრებს, ასეთი რისკი მართლაც გაზრდილია.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში საკუთარი სამშვიდობოების განთავსებით, მოსკოვმა პოლიტიკურად პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღო ყარაბაღში მცხოვრები სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ძალის გამოყენებით ყარაბაღის დამორჩილების გზა პირდაპირ გადის მოსკოვის პრესტიჟსა და გავლენაზე, რომელსაც ასეთ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ზიანი მიადგება. სწორედ რუსეთთან რეგიონული კონკურენციის კონტექსტში ჯდება როგორც თურქეთის მხარდაჭერა ბაქოს მიმართ, ისევე ირანის განცხადება, რომ საკუთარ საზღვრებთან ახალ სამხედრო კონფლიქტს ვერ შეეგუება.