ყარაბაღის მესამე, ერთდღიანი ომი – “არწახი” აზერბაიჯანია
19 სექტემბერს, ოფიციალურმა ბაქომ მთიან ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, “კონტრტერორისტული ოპერაცია” გამოაცხადა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენებით, ეთნიკური სომხების სამხედრო პოზიებზე ძლიერი იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული თავდასხმის შედეგად, ყარაბაღში 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა. სომხეთისა და რუსეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ყარაბაღში მალევე მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ მეორე დღესვე ბაქოს მოთხოვნებს დაყაბულდნენ და იარაღის დაყრასაც დათანხმდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ალიევის აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 90-იანი წლების დასაწყისში იძულებით დათმობილი ეს ტერიტორია თავის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დააბრუნა.
განწირული შფოთი ერევანში
მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის თავდასხმას რამდენიმე დღიანი დემონსტრაციები მოჰყვა მეზობელ სომხეთში. დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანისგან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის დაცვას მოითხოვდნენ, რაზეც საკმაოდ წინდახედულმა და პასუხისმგებლიანმა ფაშინიანმა თავი შეიკავა. ყარაბაღში განცდილი მარცხით აღელვებულმა დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა სცადეს და პოლიციასთანაც მოუწიათ შეხლა-შემოხლა. სომეხი მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ფაშინიანმა ყარაბაღში სომხურ საქმეს უღალატა და ის უნდა გადადგეს. სავარაუდოდ, ფაშინიანს ძლიერი შიდა პოლიტიკური წნეხის გაძლება მოუწევს, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სომხეთის პრემიერის საწინააღმდეგო განწყობების გასაღვივებლად, ძალისხმევას არც მოსკოვი იშურებს.
Vive le Roi (მეფეს გაუმარჯოს)
გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ მესამე, დედოფალ კამილასთან ერთად, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. მონარქიისადმი ძალზე თავისებური დამოკიდებულების მიუხედავად, ფრანგები ბრიტანელ მონარქს გულთბილად დახვდნენ და სამეფო დონის მასპინძლობაც გაუწიეს. საკმაოდ დახუნძლული ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის გარდა, ჩარლზმა საფრანგეთის სენატსაც მიმართა სიტყვით, სადაც სამეფო აქცენტი გლობალურ დათბოსა და კლიმატურ ცვლილებებთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას დაასვა, თუმცა მის უდიდებულესობას თავის სიტყვაში არც უკრაინა და რუსეთის გაუმართლებელი აგრესია გამორჩენია. ვახშამზე, ჩარლზს სერ უინსტონ ჩერჩილის საყვარელი Pol Roger-ის შამპანურით გაუმასპინძლდნენ და ბრიტანულ-ფრანგული მეგობრობის სადღეგრძელოც შეასვეს. როგორც ლონდონში, ისე პარიზში, ჩარლზის ეს ვიზიტი, საკმაოდ გაციებული ბრიტანულ-ფრანგულ ურთიერთობების გალღვობის მცდელობად იყო აღქმული.
ვიზების სკანდალი პოლონეთში
პოლონეთში ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ქვეყნის საკონსულო სამსახური მსოფლიოს მასშტაბით, შენგენის ვიზებს ჰყიდდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ამბავი ვეღარ უარყო და მექრთამეობში ის კერძო კომპანია დაადანაშაულა, რომელსაც ვიზების მართვის საქმე ჰქონდა ჩაბარებული. ვიზების სკანდალით გაღიზიანებულმა ბრიუსელმა ვარშავისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა. შენგენის ვიზების ვაჭრობის თემით შეშფოთებულია გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც, რომელიც ქვეყანაში მიგრანტების მოზღვავებას პოლონეთის უსაქციელობასაც უკავშირებს, განმარტებებს ითხოვს და პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებასაც არ გამორიცხავს. ვიზების სკანდალმა პოლონეთის საგარეო რეპუტაციის გარდა, არჩევნების წინ, მმართველი პარტიის ავტორიტეტიც შელახა. არადა, პოლონეთის მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” მუდამ მიგრაციის მკაცრ კონტროლზე საუბრებით იწონებდა თავს.
დაბუგული შავი ზღვის შტაბი
22 სექტემბერს, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბის შენობა ფაქტობრივად გაანადგურეს. სარაკეტო თავდასხმისას, შავი ზღვის ფლოტის შტაბის ისტორიული შენობა თურმე იმდენად დაზიანდა, რომ ფლოტის სამართავად ის ნამდვილად აღარ გამოდგება. როგორც ამბობენ, შტაბის შენობაზე თავდასხმა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სუ-24-ებზე დამაგრებული ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით განხორციელდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, სევასტოპოლში შტაბის შენობაზე სარაკეტო თავდასხმისას, 9 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ასევე მძიმედ დაჭრილებს შორის არიან – ზაპოროჟიეს მიმართულების სამხედრო სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე რომანჩუკი და თავად შავი ზღვის ფლოტის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ოლეგ ცეკოვი.
ესპანური დათმობები და ესპანეთის ენები
გასულ კვირას, ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსტიტუტებში კატალონიური, ბასკური და გალიციური ენების ოფიციალურ გამოყენებას. რეგიონული ენებისთვის ოფიციალური სტატუსის გამყარება, ესპანეთის რეგიონული პოლიტიკური პარტიების საკვანძო მოთხოვნა იყო. რეგიონული პარტიები, მემარცხენე პედრო სანჩესისთვის კოალიციური უმრავლესობის ხალახლა შექმნის სანაცვლოდ, მისგან მაქსიმალურ დათმობების მიღებას ცდილობენ. აქვე, შეგახსენებთ – ესპანეთის საპარლამენტო არჩევნები მცირე უპირატესობით მემარჯვენეებმა მოიგეს, მაგრამ უმრავლესობა არა აქვთ და მთავრობას ვერ აყალიბებენ. ამასთან, მადრიდმა ევროკავშირის თავმჯდომარეობით ისარგებლა და შეეცადა, რეგიონული ენებისათვის ევროკავშირშიც დაეკანონებინა ოფიციალური სტატუსი. იქვე, პირობაც დადო – თარგმნისათვის საჭირო ფულს ჩვენ ჩამოვალთო. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებმა, გადაწყვიტეს ამ მგრძნობიარე თემაზე გადაწყვეტილების მიღება არ იჩქარონ და საკითხი საფუძვლიანად შეისწავლონ.