არაფორმალური მინისტერიალი
ვროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრები ესპანეთის თვალწარმტაც ქალაქ მურციაში შეიკრიბნენ და გაფართოების სცენარებს გამოწვლილვით განიხილავენ.
დელეგატები ფრანგულ-გერმანულ სამუშაო დოკუმენტს (მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ: https://wp.me/pee2AD-2lU0) ჩაუჯდნენ და სამ სამუშაო ჯგუფში განიხილავენ – ერთი ევროპულ ინსტიტუტებს შეეხება, მეორე ახალი წევრების თანდათანობით ინტეგრაციის სცენარებს, მესამე კი – ევროკავშირის დარგობრივ პოლიტიკაზე გაფართოების გავლენას.
ოქტომბრის ბოლოს მინისტრები, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მთავრობის მეთაურებს გადაულოცავენ დატენილ საქაღალდეებს და ეს უკანასკნელნი ალჰამბრაში განარიგებენ ვინაა ღირსი კლუბში ყოფნისა და ვინ დარჩება მაჩანჩალად. ჯერჯერობით ისეთი ხმები მოდის, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან კავშირში გასაწევრებელ მოლაპარაკებებს დაიწყებენ, საქართველოს კი – ახალი პირობებით თუ არა გამკაცრებული ტონით – კანდიდატად აღიარებენ.
სომხებისგან დაცლილი ყარაბაღი
მთიან ყარაბაღს სომეხი მოსახლეობა ტოვებს. 70 ათასამდე ადამიანმა ყარაბაღი უკვე დატოვა და სომხეთში ჩავიდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში ყარაბაღი სომეხი მოსახლეობისგან სრულად დაიცლება. ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლისას, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ყარაბაღის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, სომხური წარმოშობის რუსი მილიარდელი, რუბენ ვარდანიანი. ესოდენ ძვირფასი პატიმარი უმალ ბაქოში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი წაუყენეს ტერორიზმის დაფინანსებასა და უკანონო შეირაღებული ფორმირებების შექმნაში. ყველაფერთან ერთად, 28 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შარხამანიანმა არწახის რესპუბლიკის ინსტიტუტები 2024 წლის 1 იანვრიდან დაშლილად გამოაცხადა.
ამასობაში აზერბაიჯანის და ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, პრეზიდენტმა ალიევმა პირობა დადო, არაფერს გერჩითო და თითქოს დასავლურ სადამკვირვებლო მისიაზეც განაცხადა თანხმობა. აღდგომა და ხვალეო.
ჩამოწერილი ბულგარული რაკეტები
ბულგარეთი უკრაინას С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის განკუთვნილ მოძველებულ და წუნიან რაკეტებს გადასცემს. ძველი, წუნიანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა ბულგარეთის პარლამენტის კოალიციურმა უმრავლესობამ. ბულგარული რაკეტები თურმე შეკეთებას საჭიროებენ, რაც უკრაინული მხარისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მოგვეცით ეს რაკეტები და თავადაც მშვენივრად შევაკეთებთ ან დავშლით და ნაწილებად გამოვიყენებთო – უთქვამთ კიივში. ბულგარეთის “სარაკეტო გადაწყვეტილებაზე” გულმოსულია მოსკოვი, რომელიც სოფიას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბულგარეთში სიტუაციის არევას ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების ხელით ცდილობს.
ზამთრისთვის მომზადებული გერმანია
26 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიამ თავისი გაზსაცავების 95%-ის შევსება მოახერხა. მარიფათიანმა გერმანიამ გაზის მომარაგება დაგეგმილზე ადრე შეძლო, არადა ის ამ მაჩვენებლის მიღწევას პირველი ნოემბრისთვის გეგმავდა. შედარებისთვის, გასულ წელს, გერმანელებმა თავისი გაზის მარაგების 95%-ით შევსება მხოლოდ 14 ოქტომბრისთვის შეძლეს, ხოლო 100%-იან მაჩვებენელს ნოემბრის შუაში მიაღწიეს. წლეულს, ოფიციალური ბერლინი გაზსაცავების 100%-ით შევსებას ოქტომბრის ბოლომდე აპირებს. წინა წლების გათვლების თანახმად, სრულად შევსებული გაზსაცავები გერმანიას საშუალებას აძლევს სუსხიანი ზამთრის 2-3 თვე თავისუფლად გადააგოროს.
დაძაბულობა კოსოვოში
სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ჩრდილოკოსოვოელი სერბები კოსოვოელ პოლიციელებს ჩაუსაფრდნენ, ცეცხლი გაუხსნეს – ერთი პოლიციელი მოკლეს და ორიც დაჭრეს. პოლიციაზე ჩასაფრების შემდეგ, კოსოვოელმა სერბებმა თავი თურმე ადგილობრივ მონასტერს შეაფარეს. კოსოვოს პოლიციამ სერბების მუხანათურ ჩასაფრებას სერიოზული სპეცოპერაციით უპასუხა, რა დროსაც სამი სერბი თავდამსხმელი სიცოცხლეს გამოასალმეს და ექვსიც ცოცხლად შეიპყრეს. ამ მონასტრის ჩხრეკამ კი უამრავი ტყვია წამალი, იარაღი და, რაც მთავარია, ნატოს სამშვიდობო ძალების ნიშნებით შეღებილი ორი “გელენდვაგენი” გამოავლინაო – ამბობენ პრიშტინაში. კოსოვოს ხელისუფლებამ ბელგრადი ტერორისტულ აგრესიაში დაადანაშაულა, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კი, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა კოსოვოს პრემიერს, ალბინ კურტის დააკისრა.
თურქული ვაჭრობა შვედეთის ბედით
ერდორანის თურქეთი კვლავ არ ჩქარობს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის გაცემას და ამერიკელებისგან სამხედრო თვითმფრინავების გამოვაჭრებას ცდილობს. თუკი, აშშ F-16 ტიპის გამანადგურებლებს მოგვყიდის, შვედეთის ნატოში შესვლას წინ არ დავუდგებითო – უთქვამს თურქეთის პრეზიდენტს. არადა,ცოტა ხნის წინ, ერდოღანი ამბობდა – თვითმფრინავები არაფერ შუაშია, ისლამის შეურაცხყოფას ვერ ვპატიობთ შვედებსო – თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რელიგიური მოტივის უკან პრაგმატული გათვლა აღმოჩნდა. ოფიციალურ ანკარას უკვე რა ხანია აშშ-სგან 20 მილაირდის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვადასხვა თანამედროვე საავიაციო მოწყობილობების შეძენა სურს, რაზეც ვაშინგტონი თავს იკავებს. თვითმფრინავების გამოვაჭრების საქმეს შესაძლოა კორუფციულ სკანდალში გახვეული სენატორი ბობ მენდესის გადადგომაც წაადგეს, რადგან თურქეთისთვის თვითმფრინავების გადაცემას აშშ-ს სენატში სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.
გართულებული პოლიტიკური მშობიარობა
მემარჯვენე სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ფეიხოო გუშინ ესპანეთის პარლამენტის წინაშე წარსდგა, მაგრამ გაპრემიერებისთვის საჭირო 176 ხმიანი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. ესპანეთის ხელისუფლებაში მოსასვლელად, მემარჯვენე კანდიდატს 4 ხმა დააკლდა. ესპანელი დეპუტატები ალბერტო ფეიხოოს გამოსვლით იმედგაცრუებული დარჩენილან – არადამაჯერებელია ეს კაცი, არჩევნებში მოგებული ისე საუბრობს, თითქოს ოპოზიცია იყოსო. მოკლედ, თუ მემარჯვენე ორიენტაციის ფეიხოომ უახლოეს დღეებში ოპონენტების გადარწმუნება ვერ მოახერხა, მთავრობის შექმნის შანსი არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ პედრო სანჩესის სოციალისტებს ექნებათ. ამასთან,თუ 27 ნოემბრამდე ესპანეთის პოლიტიკური პარტიები მთავრობაზე ვერ შეთანხმდნენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები იანვარში გაიმართება.
რა დაგიკარგავს – რას ეძებ?
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე და ერთ-ერთ მოსამართლეზე ძებნა გამოაცხადა. ამასთან, რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაში არ არის მითითებული თუ რა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებიან ეს პატივსაცემი ხალხი. სავარაუდოდ, რუსეთის შსს-ს ეს ღიმილის მომგვრელი ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ბავშვების გენოციდში ეჭვმიტანილ, ვლადიმირ პუტინზე დაკავების ორდერი გაიცა.