ახალი ამბები

განახლება: პრეზიდენტმა ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე კონსულტაციები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოდან“, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე (ევრო-ოპტიმისტების საპარლამენტო ჯგუფი) და გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. ოპოზიციონერმა პოლიტიკისებმა შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ განიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ის ნაბიჯები იყო, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გადადგას. შეხვედრების შემდეგ, პოლიტიკოსებმა დეტალები არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო.

ხატია დეკანოიძე, ევრო-ოპტიმისტები: „კონკრეტულად გეგმაზე ჩვენ არ გვისაუბრია. მე ვუთხარი მას ჩემი პოზიცია, რომ მე იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის იმ ანტი-დასავლური პოლიტიკისა და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება. პრეზიდენტი, როგორც საჯაროდ ამბობს, აგრძელებს აქტიურ საერთაშორისო კამპანიას კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში“.

ანა ბუჩუკური, პარტია „საქართველოსთვის“: „ინიციატივა მოდიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. შეხვედრის დეტალებზე, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას – ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს – და ევროინტეგრაციის პროცესს, ვინაიდან თქვენ იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ დარჩეს იზოლირებულად იმიტომ, რომ ქვეყნის იზოლირებულად დარჩენა ნიშნავს რუსეთთან მარტო დარჩენას“.

სალომე სამადაშვილი, „ლელო“: „პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს, ერთის მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს, და მეორეს მხრივ, ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომელსაც ეწევა დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტის მსჯელობის თემა სხვადასხვა ხალთან არის, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიიღოს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი“.

ალეკო ელისაშვილი, „მოქალაქეები“: „პრეზიდენტი ამას [იმპიჩმენტს] არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს… პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ. იმპიჩმენტის შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც ნაფიქრი აქვს“.

პრეზიდენტი აპირებს, რომ განაგრძოს კონსულტაციები ქართული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული სარჩელი შეიტანეს. ახლა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. სასამართლო გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებს. თუ ცხრა მოსამართლიდან ექვსი გადაწყვეტს, რომ მან დაარღვია კანონი, პარლამენტი მისი იმპიჩმენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენეს.  

13 სექტემბერს, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერს, ნიკა მელიას შეხვდა.

ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ქალბატონი ზურაბიშვილი ნაკლებად ფიქრობს, ვინ დაუჭერს მის იმპიჩმენტს მხარს და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არ მოისყიდიან… „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ ეს შეხვედრები თითქოს იმიტომ იმართება, რომ არ მოხდეს გარანტირებულად ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ხმები არ ეყოს, ყველაზე ნაკლებად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. იყო… მე პირადად მგონია, რომ თუ ეს [იმპიჩმენტი] თუ მოხდება, პირიქით უკუშედეგს მიიღებს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ხელს ვერ ააღებინებს დასავლეთს, მიატოვოს ქართველი ხალხი მარტო“. 

შენიშვნა: მასალა 13 სექტემბერს 14:44 საათზე განახლდა და მას ნიკა მელიას კომენტარი დაემატა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button