ახალი ამბებიინტერვიუ

ჯოზეფ ბორელი: საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის რეკომენდაციას ელოდება, რის შესახებაც განცხადება შემდგომ თვეში გამოქვეყნდება. რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება მოჰყვება, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში მიიღებენ. ორივე მხარე – საქართველო და ევროკავშირი – თანხმდება, რომ ახლა მათი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტამდე „სამოქალაქო საქართველომ“ მას საქართველოსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე კითხვებით მიმართა.

  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას – ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოსალოდნელ გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.  რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში?

ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში უმაღლესი წარმომადგენლის რანგში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ამ ისტორიულ მომენტში ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის განხილვისა და უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე აზრების გაცვლისთვის. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და აქ იმისთვის ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ღირებულებებს სრულად იზიარებენ. წლების განმავლობაში ეს მუდმივად ასე იყო.  საქართველოში ჩამოსვლისას, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან 15 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მისია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ევროკავშირის ერთგულების ძალიან ხელშესახები სიმბოლოა. ჩემი მთავარი გზავნილი ასეთია: ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და საქართველოს გვერდში ვუდგავართ; ქვეყანა ისტორიული შესაძლებლობის წინაშეა, განსაკუთრებით ახლა. ყველა აქტორის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და ხელიდან არ გაუშვას.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტი ძირითადად შესრულებულია. როგორ ფიქრობთ, რა შეფასება ექნება ევროკომისიას? თქვენი აზრით, რა  გარდამტეხი ფაქტორები მოახდენს გავლენას  ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ?

ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. შესასრულებელი სამუშაო  ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული და შედეგები მაძიებელი ქვეყნის მიერ ამ სამუშაოს შესრულებაზეა დამოკიდებული. ევროკომისიამ უკვე წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, ევროპული საბჭოს მიერ, გასული წლის ივნისში დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო აღიარებულია, თუმცა დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ბევრად უფრო მოცულობითსა და ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მონაწილე ათივე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ. კომისიის მიერ განხორციელებული ეს ობიექტური შეფასება დაგვანახებს ნათელ სურათს, თუ რას მიაღწია საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით და ასევე იქნება რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ანგარიში წარმოადგენს საფუძველს დასაბუთებული გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერ განვჭვრეტ, თუ როგორი იქნება ანგარიში შემოდგომაზე. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაწევრიანება რთული სამუშაოა და რომ 12-ვე პრიორიტეტის შესრულება მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

  • „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის მხოლოდ ოცნება“,  განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გასულ კვირას ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე და დასძინა, რომ ევროკავშირი 2030 წლისათვის მზად უნდა იყოს შემდეგი გაფართოებისთვის. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? ეთანხმებით თუ არა მას?

უდავოდ, ევროკავშირის გაფართოება ოცნებების სფერო აღარ არის. ამ ეტაპზე ცხადია, რომ გაფართოება მუდამ დამსახურებაზე დამყარებული პროცესი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მაშინ გაწევრიანდება, როდესაც ის აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამავდროულად, მიმაჩნია, რომ პროცესისთვის პოლიტიკური იმპულსის მისაცემად, კარგია პოლიტიკური მიზნის – ჰორიზონტის – არსებობა. ეს ჩვენ, ევროკავშირსაც გვეხება, რადგან მზად ვიყოთ გაფართოებისთვის, რომელმაც შეიძლება ევროკავშირს კიდევ 10 წევრი შემატოს. ვფიქრობ, ერთგვარი „დროის სამიზნეს“ შეთავაზება როგორც ჩვენგან, ისე კანდიდატი ქვეყნებისგან მომავალი ენერგიის მობილიზებას შეძლებს, თუმცა ცხადია, რომ  თითოეულმა მაძიებელმა ქვეყანამ წევრობის პირობები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზანი ვერ განხორციელდება.

  • მომავალ წელს, საქართველოს ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. უკვე ვხედავთ წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. რა არის თქვენი გზავნილი მათთვის? რას ელის ევროკავშირი ხელისუფლებისგან და სხვა პოლიტიკოსებისგან?

მართლაც, მომავალ წელს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი – პირველი, სრულად პროპორციული – არჩევნები ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ როგორც ევროკავშირის წევრობის მაძიებელი ქვეყანა, საქართველო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი და ინკლუზიური იქნება. ევროკომისიის შარშანდელ დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნულია ჯანსაღი საარჩევნო ჩარჩო –12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი – რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ დასკვნამ, ასევე, გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი დემოკრატიის კონსოლიდაციისა და კანონის უზენაესობის დასაცავად – იმ ძირითადი პრინციპებისა, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. არჩევნები ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, თუ  როგორია ქვეყანაში დემოკრატია და რამდენად ჯანსაღია ინსტიტუტები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიხილავთ ისეთივე ჯანსაღ და დემოკრატიულ არჩევნებს, როგორიც ევროკავშირშია.

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატობის ლობირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირში ვიზიტების სერია დაიწყო, რაზეც მთავრობამ უარი უთხრა. როგორ ჩანს ბრიუსელიდან მთავრობის განზრახვა, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ?

იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, მას უნდა ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომელიც დემოკრატიას და კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს. ეს, ასევე, ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების პრიორიტეტებთან ერთად. საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ მოვლენას ამ პრიზმაში ვხედავთ. საქართველოში ვიზიტისას პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს და ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევხვდები. ვაფასებთ პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის ევროპულ ხედვას საქართველოსთან მიმართებაში. ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფორმების დღის წესრიგს ყველა პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს. გასულ წელს, საქართველოდან ჩამოსულმა ყველა თანამოსაუბრემ, ვისაც კი ბრიუსელში შევხვდით, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ერთგულება გამოხატა. იმედი მაქვს, რომ ეს საერთო მიზანი გამაერთიანებელი ფაქტორი და მეტი ინკლუზიურობისა და დეპოლარიზაციის საფუძველი გახდება. ეს კი მეტ თანამშრომლობასა და ნაკლებ დაძაბულობას ნიშნავს.

  • ევროკომისიის 2022 წლის ივნისის დასკვნაში საქართველოს მხრიდან ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მეტად დაახლოების საჭიროებაა ხაზგასმული. ქართულ მედიაში იყო საუბარი თბილისის მხრიდან ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან მიერთების დაბალ მაჩვენებელზე. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს ევროკომისიისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, კანდიდატის სტატუსის შესახებ  გადაწყვეტილების მიღებისას?

ველოდებით, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის მაძიებელი ქვეყანა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს შეუერთდება. არის გაწევრიანების მსურველი ქვეყნები, რომლებიც ამ ვალდებულებას 100%-ით ასრულებენ. გასულ წელს საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი უკვე დაბალი იყო – 44% , ახლა კი 43%–ს შეადგენს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა კონსენსუსით იმართება. საგარეო პოლიტიკის სფეროში განცხადებების დაბალი, 43% –იანი მხარდაჭერით, საქართველო აჩვენებს, რომ მას აქვს ამგვარი კონსენსუსის შელახვის პოტენციალი. და ამას წევრი სახელმწიფოები დიდ ყურადღებას ანიჭებენ.

  • ცოტა ხნის წინ რუსეთმა გადადგა რიგი ნაბიჯები, რომლებიც საქართველოსთან დაახლოებაზე მიუთითებს და რასაც საქართველოს მთავრობა მიესალმა. მათ შორისაა სავიზო რეჟიმის მოხსნა, პირდაპირი ფრენების დამყარება, ქართველი სტუდენტებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლების მისაღებად კვოტების შემოღება და ა.შ. ამ ნაბიჯებმა საზოგადოების ნაწილი შეაშფოთა, რომ უსაფრთხოების მხრივ საფრთხე შეიქმნებოდა. რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გათვალისწინებით, როგორია თქვენი შეხედულება ამ მოვლენებთან დაკავშირებით?

მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი დაიწყო, ევროკავშირი თავდაუზოგავად მუშაობს რუსეთის იზოლაციისა და კრემლის მიერ ამ სასტიკი ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესაზღუდად. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო, რაც ამ მნიშვნელოვან საკითხში ევროკავშირის ერთიანობას აჩვენებს. ველით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და, კერძოდ, ისინი, ვინც გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეუერთდებიან. ძალიან ვწუხვართ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებების გამო.

ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას მოაქციოს რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში,  უკრაინაში მის მიერ წარმოებული უკანონო ომისა და სისასტიკის გამო.

  • თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში?

მხედველობაში ვიღებთ საქართველოს ჩინეთთან ახლადჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. საგარეო პარტნიორებთან უფრო ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ველოდებით, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის მაძიებელი ქვეყანა, უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა თავიანთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ეტაპობრივად შესაბამისობაში მოიყვანენ ევროკავშირთან.

ევროკავშირი საქართველოში ყველაზე მსხვილ დონორად რჩება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მობილიზება მოვახდინეთ. უახლოეს პერიოდში გვინდა, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივების განხორციელება დავაჩქაროთ და ყურადღებას შავი ზღვის გავლით დაკავშირებაზე მიმართულ ფლაგმანურ პროექტებზე გავამახვილებთ, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელსა და შავი ზღვის ინტერნეტ კაბელთან დაკავშირებული პროექტები. ეს პროექტები მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირებისა და სავაჭრო ნაკადების გაუმჯობესებისთვის. გვინდა, რომ საქართველომ ამ ინიციატივების განხორციელებაში წამყვანი ადგილი დაიკავოს, რადგან ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ძირითადი ელემენტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობა და ჩართულობაა.

  • საქართველოში ბევრი შიშობს, რომ ევროკავშირი შესაძლოა დაიღალოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაპირისპირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს და არ დათმობს იმას, რასაც ის ჯერ კიდევ თავის „გავლენის სფეროს“ უწოდებს. რა არის თქვენი გზავნილი ამ ადამიანებისთვის?

21-ე საუკუნეში „გავლენის სფეროების“ ადგილი არ არის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუ რა მომავალი  ექნება და რა გზის გავლა სურს. რუსეთი ამას არ აღიარებს და შანტაჟსა და აგრესიას მიმართავს; მას კვლავ აქვს მეზობელ ქვეყნებზე დომინირების ნეოიმპერიალისტური მცდელობა. ასეთ ქცევას და რუსეთის უკანონო ქმედებებს ვერ შევეგუებით. სასწორზეა გაეროს წესდებისა და მთელი საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა, სადაც ძლიერის უპირატესობის ნაცვლად, კანონის უზენაესობა უნდა სუფევდეს. ევროპის დაღლის ნიშნებს ვერ ვხედავ. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება.

  • უკრაინის წინააღმდეგ ომმა, ერთი მხრივ, რეგიონის ქვეყნებს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა, ხოლო მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გაამწვავა. როგორია ევროკავშირის გრძელვადიანი ხედვა რეგიონის მოწყვლად ქვეყნებთან მიმართებაში და თქვენი აზრით, ამ ხედვაზე რა ფაქტორები მოახდენს ზეგავლენას?

ომი ცვლილებების ძლიერი კატალიზატორია; ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში გამონაკლისი არ არის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის მხარდაჭერა უპრეცედენტო მასშტაბით, მძიმე შეიარაღების მიწოდების ჩათვლით. ეს გადაწყვეტილებები რევოლუციურია.

ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მაგალითად, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. არალეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია საქართველოს თავდაცვის ძალებმა უკვე აპრილში მიიღო და მას შემდეგ მიწოდებას ვაგრძელებთ. ეს აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადასარჩენად. ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის ამ დრომდე 62 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ისევე, როგორც დღეს ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენ საქართველოს გვერდითაც ვიდექით და ვიდგებით, და მხარს დავუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის დროს აღინიშნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების 15 წლისთავი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ხანგრძლივი მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერის საქმეში.

თუმცა ვიცი, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ევროკავშირმა უნდა შეძლოს სწრაფად მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ნეგატიური მოვლენები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს რეგიონში და ორივე მიმართულებით მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი გამოყოს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება და დააჩქარებს საგარეო პოლიტიკაში ჩვენს უფრო თანმიმდევრულ და სანდო აქტორად გარდაქმნას.

ევროკავშირის გაფართოების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) პოლიტიკა უნდა გაუმკლავდეს გამოწვევას – თუ როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურობას, სახელმწიფოებს შორის დიდი განსხვავებების ფონზე. წინსვლის ერთ-ერთი შესაძლო გზაა მრავალმხრივი განზომილების, მათ შორის არასამთავრობოს, შენარჩუნება და გაძლიერება, ამასთან ორმხრივი ჩართულობის უფრო მეტად მორგებით. თვით პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობა და ჩართულობა მთავარი ფაქტორი იქნება.

საბოლოო მიზანი უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობაა – არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს მიღმაც – რაც ამ სივრცეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან დაიცავს მომდევნო წლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button