ახალი ამბები

არასამთავრობოები აშშ-ში სამთავრობო თვითმფრინავით ღარიბაშვილის კერძო ვიზიტის გამოძიებას ითხოვენ  

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავის სავარაუდო გამოყენების ბრალდებებზე გამოძიება დაიწყოს. ბრალდებებს წინ უძღოდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც ღარიბაშვილმა აშშ-ში შვებულების დროს სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა. მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე უარყვეს ეს ბრალდებები და აღნიშნეს, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ-ში კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები ბიუჯეტიდან არ ანაზღაურებულა.

11 სექტემბერს გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა დაიწყოს. კერძოდ, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასისა და  2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და  სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო“.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე, ვინაიდან, „ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის  თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების ეჭვებს“.

„კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა – “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე.  

ამის პარალელურად, ორგანიზაციების თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, „ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები“.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი და დემოკრატიის მცველები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button