ეროვნული კინოცენტრი კულტურის მინისტრის სამიზნე გახდა
რა მოხდა?
2022 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამსახურიდან გათავისუფლებების სერია მოყვა. ზოგიერთი თანამშრომელი ამას კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ ვენდეტად განიხილავს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობის ყველაზე დიდი ხნის მინისტრია. 2021 წლის მაისიდან იუსტიციის მინისტრად და კულტურის მინისტრად მუშაობისას მან არაერთი პროფესიონალი საჯარო მოხელე გაათავისუფლა თვითნებურად, რომელთა ჩანაცვლებაც პარტიასთან ლოიალურად განწყობილი პირებით ხდებოდა. ბევრმა მათგანმა სასამართლოს მიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში თანამშრომლების „არაკანონიერი გათავისუფლების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი დაკარგა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და წიგნის ცენტრში განვითარებული მსგავსი მოვლენების შემდეგ, ანალოგიური პრაქტიკა კინოცენტრში განხორციელდა.
რა იყო გამომწვევი ფაქტორი?
როგორც ჩანს, რეპრესიები კინოცენტრის თანამშრომლების ღია წერილმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა.
- 2022 წლის 18 მარტს თბილისის კინოფესტივალის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2023 წლის 31 მაისს გოეთეს ინსტიტუტმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კინოცენტრიდან ჩხეიძის გათავისუფლება მის მიერ უკრაინის მხარდაჭერით იყო განპირობებული.
- სამინისტრომ – კინოცენტრის მეშვეობით – განაცხადა, რომ ბრალდებები იყო „ცრუ და ყოვლად მიუღებელი“. „კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“.
- 5 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ცენტრის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მოგვიანებით, ეს წერილი ვებსაიტიდან გაქრა.
რა ხდება ახლა?
კულტურის მინისტრმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და ფინანსურ მენეჯერად კობა ხუბუნაია დანიშნა.
- ხუბუნაიას არანაირი კავშირი არ აქვს კინოინდუსტრიასთან და ხელოვნებასთან. თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იგი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
- დანიშვნის შემდეგ ხუბუნაიამ ეროვნული კინოცენტრის „რეორგანიზაცია“ დაიწყო.
- რეორგანიზაციის ფარგლებში, დირექტორის მოადგილეები მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ ძალაში შედის 12 ივლისიდან. გადაწყვეტილება ამ თანამდებობების გაუქმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის გზით დაამტკიცა.
- ხუბუნაიამ ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ PosTV-ის ტელეწამყვანი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.
რა დამსახურება აქვს ეროვნულ კინოცენტრს?
ქართული კინოს ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ კინოცენტრის დამსახურებაა, რადგან ის ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქართულ კინოწარმოებას, ხელს უწყობს ქართული კინოს პოპულარიზაციას მსოფლიოში და ქართულ კინომემკვიდრეობას ინახავს. ცენტრი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს კინოგანათლების ხელშეწყობის მიზნით და აწყობს კინოსთან დაკავშირებულ კონკურსებსა და ღონისძიებებს. კერძოდ, ის საქართველოში ყოველწლიურად 11 საერთაშორისო კინოფესტივალს აფინანსებს.
კინოცენტრის „რეორგანიზაცია“ პარტიული ლოიალობის პრინციპებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახალი ხელმძღვანელებისთვის ეს თემა უცხოა, სავარაუდოდ, დააზარალებს ცენტრის წარსულ საქმიანობას და მას მმართველი პარტიის პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს, რაც ხელს შეუშლის მის დამოუკიდებლობას მასზე დაკისრებული მისიის განხორციელების პროცესში.
რა იქნება შემდეგ?
ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ, სანამ კინოინდუსტრიის პროფესიონალების ჯგუფის მიერ არ მოხდება ახალი დირექტორის შერჩევა სამართლიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული გზით. ბოლო დღეებში ისინი ამაოდ შეეცადნენ ახალდანიშნულ დირექტორთან შეხვედრას.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)