ახალი ამბები

კრემლის ყოფილი თანამშრომელი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნეს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ კრემლის ყოფილი თანამშრომელი, ინალ არძინბა ახალ „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნა. მან ამ პოსტზე დაურ კოვე შეცვალა.

არძინბა მანამდე რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან იგი კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იგი დსთ-სთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში პრეზიდენტ პუტინის მაშინდელი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანაშემწე იყო. ამ რანგში, არძინბა უკრაინასთან, მათ შორის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებდა.

უკრაინის მთავარი მტერი

2015 წელს უკრაინის პროკურატურამ იეჭვა, რომ არძინბას ძალისხმევით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, კერძოდ კი – ოდესის რეგიონის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეგიონის „ბესარაბიას“ შექმნა იგეგმებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წელს გენერალურ პროკურატურას ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში სურკოვისა და არძინბას მონაწილეობის შესახებ მასალები გადაუგზავნა. უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ორივე მათგანი ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენასა და შეკვეთილი მკვლელობების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.

2015 წლის ოქტომბერში, კიევმა არძინბას დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. იმავე წელს, არძინბა უკრაინის მთავარი მტრების სიაში მოხვდა, რომლის სათავეში ასევე არიან – ვლადისლავ სურკოვი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

ბიოგრაფია

არძინბა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. მან იქვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. 2007 წელს იგი რუსეთში გადასახლდა, სადაც მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში განაგრძო სწავლა.

იგი პარტია „ამცახარას“ დამფუძნებლის, აკა არძინბას ძმისშვილია. იგი აფხაზეთის პირველი „პრეზიდენტის“, ვლადისლავ არძინბას ნათესავიცაა.

მამამისი – ბათუ არძინბა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

31 წლის ინალ არძინბა ოკუპირებული რეგიონის ყველაზე ახალგაზრდა „საგარეო საქმეთა მინისტრი“ იქება. მედიის ინფორმაციით, მისი მკაცრი სტილის გამო არძინბას „დობერმანი“ შეარქვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button