Placeholder canvas
ახალი ამბები

სოხუმმა აფხაზურ-ქართულ დიალოგზე საერთაშორისო პროგრამა დახურა 

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და უშიშროების სამსახურმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტის განხორციელება აუკრძალა იმ მოტივით, რომ „პოლიტიკური ხასიათის“ ქართულ-აფხაზური შეხვედრების ორგანიზებით, ორგანიზაცია თბილისის „მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას“ უწყობდა ხელს.

13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ აღნიშნა, რომ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ თავისი პროექტის მეშვეობით – „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება განვითარების ინკლუზიური მიდგომებით“ – ერთობლივ ტრენინგებსა და სემინარებს ატარებდა ავსტრიაში, მოლდოვასა და სომხეთში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობით.

ოკუპირებული რეგიონის „საგარეო უწყებამ“ ასევე განაცხადა, რომ როდესაც „მოძრაობამ შიმშილის წინააღმდეგ“ აფხაზეთის ხელისუფლებას პროექტის დასამტკიცებლად მიმართა, მან დამალა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს შორის შეხვედრები იგეგმებოდა.

პროგრამის შეჩერებას წინ უძღოდა ოკუპირებული რეგიონის მთავარი დიპლომატის, ინალ არძინბას კიდევ ერთი შეტევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გალში.

2021 წლის ნოემბერში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, არძინბამ რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ზეწოლა დაიწყო და მოითხოვდა, რომ მათ საკუთარი პროგრამებისთვის ნებართვა წინასწარ მოეპოვებინათ; ეს განსაკუთრებით იმ პროგრამებს ეხებოდა, რომლებიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს მოიცავდა.

„მოძრაობას შიმშილის წინააღმდეგ“ რაიმე განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

„მოძრაობას შიმშილის წინააღმდეგ“ მისიები ევროპის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. რაც შეეხება   საქართველოს, ის ფუნქციონირებს თბილისში, ზუგდიდსა და სოხუმში.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება განვითარების ინკლუზიური მიდგომებით“ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

ამ პროგრამის გარდა, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ აფხაზეთში ახორციელებს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროგრამას, რომლის მესამე ფაზაც ოკუპირებული რეგიონის 15 სკოლაში შესაბამისი ობიექტების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button