სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 12 წელი მიუსაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული ცისკარა ტოხოსაშვილი დამნაშავედ ცნო.
ტოხოსაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და „სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.
საქართველოს მოქალაქე, ცისკარა ტოხოსაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“ ახლო აღმოსავლეთში 2015 წელს გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. უწყებისვე ცნობით, იგი ორგანიზაციის წევრებს შორის „საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა“ და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მის ასევე ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/07/2023 – სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
- 17/05/2023 – ტერორიზმის ბრალდებით სუს-მა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)