skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებზე განაჩენი გამოიტანა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 20 პირი სამართალდამრღვევად ცნო. განაჩენი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 11 აგვისტოს გამოიტანა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჯამში 23 პირის საქმე იქნა განხილული. აქედან აქციის 19 მონაწილეს 2000-2500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი 3500 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, სხდომაზე ერთი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ერთ დაკავებულს კი მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლევან ანთაძის შვილიც, რომლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სხდომა სექტემბერში ჩაინიშნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაჯარიმებულთა შორის არის უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანიც, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ “უმიზეზოდ და ახსნა-განმარტების გარეშე” დააკავეს.

ჩობანიანი დაკავებულთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც წინა დღეების განმავლობაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობდა, რაც, დაკავებულთა თქმით, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა.

კიდევ ერთმა დაკავებულმა, ქართველმა პოეტმა გენრი დოლიძემ, რომელიც პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ასევე განაცხადა, რომ ის პოლიციის მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. სასამართლომ დღეს ისიც 2000 ლარით დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე, დოლიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ ვერანაირი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და მოსამართლე “სამი ცრუმოწმის ჩვენებას დაეყრდნო”.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 1-ელ აგვისტოს დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში 31 ივლისს შუაღამისას დაიწყო მას შემდეგ, რაც იქ პოლიციამ გემის შემოსვლამდე ბარიკადები აღმართა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ 23 პირი, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქე და პარტია “დროას” წევრიც, ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button