ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა მშვიდობიან პროტესტს, რომელიც ბათუმის პორტში გუშინ შემოსული რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გაიმართა. პროტესტის შედეგად გემმა, რომელზეც 800 რუსი ტურისტი იმყოფებოდა, პორტი დაგეგმილზე ადრე, 27 ივლისის საღამოს დატოვა.

საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია საქართველოს მოქალაქეებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობით ბათუმის პორტში 27 ივლისს საღამოს 8 საათზე დაიწყო. რუსული საკრუიზო გემი ბათუმის პორტში ერთდღიანი ვიზიტით სოჭიდან თურქეთის გავლით გამთენიისას შემოვიდა. საქართველოს მოქალაქეები პორტში შეიკრიბნენ და ყვირილითა და სტვენით გააცილეს ტურისტები გემ ASTORIA GRANDE-ზე.

აქციაზე ისმოდა სხვადასხვა შეძახილები, მათ შორის „აფხაზეთი საქართველოა“. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ფოტოები, სადაც აფხაზეთის 1990-იანი წლებისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო ასახული. დაახლოებით 21:00 საათისთვის, გემმა ბათუმის პორტიდან გასვლა დაიწყო.

პარალელური საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მონაწილეებმს რუსული დროშები დაწვეს.

აქციაზე გამოხმაურება

გუშინდელ აქციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მას „ქაჯობაა“ უწოდა. „ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს – ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა ქვეყანაში. კობახიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი პრობლემებს უქმნიან ქვეყანას. მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნებისა და საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

იმავდროულად, აქციას ევროპარლამენტი ვიოლა ფონ კრამონი მიესალმა, რომელმაც გემის წასვლის შემდეგ Twitter-ზე დაწერა: „დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში“.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა აქციის მონაწილეთა მიმართ და უთხრა ჟურნალისტებს, რომ „რუსი ტურისტების საკრუიზო გემზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ. და ვფიქრობ, ძალიან ცხადად აჩვენეს ბათუმში და ყველგან, რომ ამას არ მიესალმებიან. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე და თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ … ვინმეს ექნება მოლოდინი, რომ კარგად შეხვდებიან ნებისმიერს, ვინც თქვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებს, ვინც ჰყოფს ოჯახებს, ვინც თქვენს მოქალაქეებს აკავებს. არა მგონია ვინმესთვის მოულოდნელი იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ მიესალმნენ ამ გემის ჩამოსვლას“.

სამართლებრივი წუხილები

აქციამდე, გემზე მყოფმა რუსმა ტურისტებმა ანტი-ქართული და შეურაცხმყოფელი კომენტარები გაკეთეს მედიასთან საუბრისას. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, რომ იგი აფხაზეთს ესტუმრა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა. ყველა რესპოდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. კიდევ ერთმა ტურისტმა აღნიშნა, რომ „ყველგან საბჭოთა კავშირია, ჩვენ ყველა ერთიანი ქვეყანა ვართ“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადება გამოაქვეყნა იმ ტურისტის შესახებ, რომელსაც შესაძლოა დარღვეული ჰქონდეთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

ორგანიზაციამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები“.

წინაისტორია

საზღვაო სატრანსპორტო სააგენტომ 25 ივლისს განაცხადა, რომ 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოსვლა იგეგმებოდა. სააგენტოს თქმით, გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათის იყო.

საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ინფორმაციით, გემის მფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. „შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button