ახალი ამბები

პოლიტიკოსები ნატოს ვილნიუსის სამიტს და სამიტზე მიღებულ კომუნიკეს აფასებენ

ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართა. სამიტის შედეგად გამოქვეყნდა დასკვნით დოკუმენტი- კომუნიკე, რომელშიც ყურადღება ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ალიანსისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არის გამახვილებული..

კომუნიკეში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ალიანსი  ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების, რომლის მიხედვითაც საქართველო  ნატოს წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP-ით). ვილნიუსში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

„სამოქალაქო საქართველო“ პოლიტიკოსების მიერ ნატოს ვილნიუსის სამიტის და სამიტზე მიღებული კომუნიკეს შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „სტატუს კვო დარჩა ძალაში. იმ ვითარებაში, როცა რეგიონში ასეთი მძიმე ვითარებაა არავინ ელოდა სიახლეს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ასეთი მოლოდინი იყო უკრაინასთან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არავითარი სიახლე არ იყო, რაც არის ერთადერთი რამის შედეგი – ნატოს უჭირავს პრაგმატული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში… რეალურად საქართველო ყველანაირად მზად არის გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა, ყველა თვალსაზრისით ვართ ამისთვის მზად, თუმცა ამის მზაობა მეორე მხარეს არ არის… ამის მზაობა არ იყო არც 2006 წელს, არც 2008 წელს, არც 2012-წელს… თავის დროზე უკრაინა და საქართველოც ნატოს წევრები რომ გამხდარიყვნენ, დღეს, კონკრეტულად უკრაინაში არ იქნებოდა ის ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს“.

ირაკლი ბერაია, „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: „ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით და სამიტის საბოლოო კომუნიკე ამას ადასტურებს… მართალი გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინები ჩვენ, სამიტის მიმართ არ გვქონია… ევროპის შუაგულში არის ომი, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი… კომუნიკეში წერია პირდაპირ, რომ უკრაინა იქნება ნატოში მიწვეული მაშინ, როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან… რაც შეეხება ალიანსის მიდგომას, ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა გამოავლინონ მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა… საქართველო დღეს სრულად პასუხობს ნატოში წევრობის ყველა კრიტერიუმს, საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის და რა თქმა უნდა, ბურთი არის ალიანსის მოედანზე“.

ოპოზიცია

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „სტატუს კვო, ისტორიული კონტექსტის ცვლილებიდან გამომდინარე, რეალურად რეგრესს ნიშნავს. ახლა ვხედავთ, რომ რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე საქართველოს დაჩქარებული წესით შეეძლო ნატოს წევრი გამხდარიყო“.  

სალომე სამადაშვილი, „ლელო – საქართველოსთვის“: „საქართველოსგან განსხვავებით უკრაინას დღეს, არ ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება და რუსეთი არ მართავს უკრაინას. სამწუხაროდ, საქართველო დარჩა იგივე ჩანაწერის გარეშე და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რეალურად ვართ უკან წასული, რადგან არა თუ არანაირი პროგრესი არ არის 2008 წლის ჩანაწერის შემდეგ, არამედ ჩვენ, რეალურად გვითხრეს, რომ ქვეყანაში რეფორმები არ მიმდინარეობს“.

თეონა აქუბარდია, „რეფორმების ჯგუფის“ წევრი: „ვილნიუსის ისტორიულ სამიტზე საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით აქვს გაუარესება და აღარ არის მისალმება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველო დაშორდა უკრაინას, მაშინ როცა MAP-ის ჩანაწერია აღარ აქვს უკრაინას და აქვს საქართველოს. ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, როცა ნატო აღარ არის არც პოლიტიკურ დისკურსში… დემოკრატიული რეფორმები აღარ ხორციელდება, რაც საქართველოს აშორებს როგორც ნატოს, ისე ევროკავშირს“.

გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველო“: „ერთია ფორმალურად რა წერია ამ დოკუმენტში და საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში და ახლაც, არაფერი გაუკეთებია, რომ მილიმეტრით წაგვეწია წინ წევრობის საკითხზე, მაგრამ მეორეა, არაფორმალურად პოლიტიკური რეალობა, პრემიერის სამიტზე არ დასწრების მნიშვნელობა… ამას წინ უძღვოდა პრემიერის მიერ რუსული პროპაგანდის გამეორება, როცა იგი უკრაინაში მიმდინარე ომს აბრალებდა ნატოს. შეუძლებელია, რომ მან ლანძღოს ალიანსი, ომის დაწყებას აბრალებდეს, რუსულ პროპაგანდას იმეორებდეს და თან იმედი ჰქონდეს, რომ ალიანსის ლიდერები მას ხელს ჩამოართმევენ“.

ხატია დეკანოიძე, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელი: „ალიანსის წევრები რჩებიან ერთგული ბუქარესტის შეთანხმების, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს, რომელიც ასევე ოკუპირებულია, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხანი არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა, არ მიეცა დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ისე, როგორც უკრაინას… მომავალ წელს, როდესაც იქნება ვაშინგტონის სამიტი… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმაც ჰქონდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button