Placeholder canvas
ახალი ამბები

სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციით დაღუპული ექთნის საქმეზე პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის 7 აპრილის განცხადებით, მოწმის სახით გამოკითხვისას, ბრალდებულებმა გამოძიებას „პირადი მოტივით“ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის ჩვენებით, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მეგი ბაქრაძის მდგომარეობის გართულების შემდეგ, „მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით“ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. აღნიშნული კიდევ ორმა ბრალდებულმაც დაადასტურა. თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებულ ექიმს მეგი ბაქრაძისთვის „რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია“. მეტიც, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისას, იგი ოთახში საერთოდ არ იყო.

პროკურატურა ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც „ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით“, ცრუ ჩვენების მიცემით გამოძებისთვის ხელშეშლას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ. მათ ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეგი ბაქრაძე 19 მარტს, ახალციხის კლინიკაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან მეორე დღეს, თბილისში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს, სსსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდარის მიუხედავად, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 7 აპრილის მდგომარეობით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების პირველი დოზა ჯამში უკვე 14 207-მა პირმა მიიღო.

მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ 19 მარტს თქვა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა „უსაფრთხო“ და „ეფექტიანია“. სააგენტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს გადაწონის. 7 აპრილს, სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოხმარება იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, თრომბს (სისხლის შედედებას) უკავშირდებოდეს. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button