ახალი ამბები

პარლამენტმა ვენეციის კომისიის უგულებელყოფით დე-ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს კენჭი უყარა

რა მოხდა?

ვენეციის კომისიის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული უარყოფითი მოსაზრების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 13 ივნისს „დე-ოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დე-ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. თუმცა, კომისიის რეკომენდაციის წინააღმდეგ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის პირობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

რა თქვა ვენეციის კომისიამ?

ვენეციის კომისიამ თავის მეორე და საბოლოო დასკვნაში განაცხადა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა. კომისიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი „სისტემურის“ ნაცვლად „ინდივიდუალურ“ მიდგომას ეფუძნება.

მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების შემდეგ მიღებულ ზოგიერთ ცვლილებას შეიცავს, თუმცა არ ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო შეფასებაშია მოცემული.  

რას ამბობენ ქართველები?

ოპოზციამ დაგმო მმართველი პარტიის ქმედება, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის გაჩერებას არ აპირებს.

  • ოპოზიციამ ამ ნაბიჯს მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის კანდიდატობის საბოტირების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა. რამდენიმე დღის წინ მმართველმა უმრავლესობამ რამდენიმე სადავო კანონი მიიღო: მან დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენოს, და ასევე მიიღო ცვლილებები, რომლებიც შეასუსტებს ოპოზიციის გავლენას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას.
  • მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 ივნისს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. მისი თქმით, ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას, ხოლო ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას ემხრობა. მან განაცხადა, რომ „სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას“. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანალოგიური პოზიცია გააჟღერა.

რა დგას „ქართული ოცნების“ პოზიციის უკან?

„ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავს ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მათი პარტიის დამფუძნებელსა და ჩრდილოვან ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ და რომლის გავლენაც უნდა შემცირდეს, როგორც ეს ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაშია ნათქვამი.  ევროკავშირის პირობა დეოლიგარქიზაციის შესახებ არავის ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ივანიშვილი იგულისხმება.

  • „ქართული ოცნება“ ადრე ამ დიპლომატიური ბუნდოვანების სათავისოდ გამოყენებას შეეცადა, ამბობდა რა, რომ მათი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ივანიშვილს არ შეეხებოდა, სანაცვლოდ კი მისი სამიზნე შესაძლოა ოპოზიციონერი ფიგურები გამხდარიყვნენ, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიას აფინანსებდა. მოგვიანებით, კეზერაშვილმა გადაწყვიტა, საკუთარი წილი ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის მიეყიდა, რათა ტელეკომპანია თავდასხმისგან დაეცვა.
  • მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კანონის ამოქმედების გადაწყვეტილება, თუ ევროკავშირი თავისი პირობებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს არ ამოიღებდა. „როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს“, – განაცხადა მან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „ჩვენ გვესმის ვენეციის კომისიის მიდგომა. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის მიდგომა შესრულდეს და ამიტომ, ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თუკი ევროკომისია ამ საკითხს მოხსნის დღის წესრიგიდან დეკემბერში, ეს კანონი არ იქნება ამოქმედებული და შესაძლებელი იქნება, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ეს კანონი გაუქმდეს“.

რა შედეგებია მოსალოდნელი?

ევროკომისიის და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს შორის ყალბი წინააღმდეგობის ნარატივის შექმნა, როგორც ჩანს, იმ მოდელს ერგება, სადაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ საქართველო „იმსახურებს“ კანდიდატის სტატუსს მისი წარსული საქმიანობისთვისა და ევროკავშირის წარსული შეცდომების გამო, მიუხედავად ამჟამად არსებული ხარვეზებისა. როგორც ჩანს, ის ასევე ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმისათვის, რომ ევროკავშირის პირობების (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის) პოტენციური შეუსრულებლობა თავად ევროკავშირს დაბრალდეს.

  • სრულიად საპირისპიროდ, მოლდოვის ხელისუფლებამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის წინააღმდეგობა დე-ოლიგარქიზაციის შესახებ მათ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოში მიღებულ კანონპროექტს, და სანაცვლოდ, ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად „სისტემურ“ მიდგომაზე მოახდინა ფოკუსირება.

ევროკომისია ოქტომბერში შუალედური მოსაზრების გამოქვეყნებას გეგმავს, ხოლო გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დეკემბერში იქნება მიღებული. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, საკუთარი პირობებით აპირებს 12 პრიორიტეტის შესრულებას.

ევროკავშირი განმარტავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button