skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ესკორტით ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფებოდა

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ადგილას რუსული სარეგისტრაციო ნომრებით G-კლასის მერსედესის (Gelendvagen) მანქანების კოლონა დააფიქსირეს. ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში, სულ ცოტა, ერთი ასეთი მანქანაა დაფიქსირებული იმავე სარეგისტრაციო ნომრებით.

არსებული ცნობებით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

რას აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები?

ჩეჩენი ბიზნესმენის ვიზიტზე შეშფოთება საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში გამოხატეს, ისინი კადიროვის ახლო წრის წარმომადგენლის კრიმინალურ ქმედებებში ჩართულობას უსვამდნენ ხაზს და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ. ზოგიერთი მოქალაქე იმის გამოც აღშფოთდა, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის უშვებენ ქვეყანაში. ზოგიც ეჭვობდა, რომ ამ პირებს ქვეყანაში შეგნებულად უშვებენ. როგორც სოციალური მედიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, „ამ ნაძირლების შემოშვება იმას ნიშნავს, რომ საღვრები დაუცველია, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ხელისუფლება მტერია!“ „30 წლიანი სვლა ევროპისკენ იმისათვის, რომ რუსული მანქანების სადგომი გავხდეთ“, – აღნიშნა მეორემ.

რა არის ცნობილი ახმეტხანოვის შესახებ

არსებული ცნობებით, ახმეტხანოვი, რომელსაც ნავთობკომპანია და სამშენებლო ბიზნესი აქვს, 2020 წელს კადიროვმა საჯაროდ გალანძღა მას შემდეგ, რაც მან კარანტინის წესების დარღვევით დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება გამართა. მოგვიანებით, ახმეტხანოვმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ, იგი კვლავ გამოჩნდა ვიდეოში, სადაც ოჯახთან ერთად რამადანს აღნიშნავდა. ამ ფაქტის შემდეგ, მიიჩნევა, რომ იგი კადიროვის მფარველობის ქვეშ მოქმედებს. ახმეტხანოვის ბიზნესი რუსეთში ჟურნალისტური გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა და გავრცელდა ბრალდებები უკანონო საბანკო საქმიანობისა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირების შესახებ. ცნობილია, რომ ახმეტხანოვი ფინანსურად მხარს უჭერს ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, მათ შორისაა ჭიდაობის შეჯიბრებების ორგანიზება და კადიროვის ფონდში წვლილის შეტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button