პრემიერი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივნისს თბილისში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს უმასპინძლა და სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის „პოზიტიური დინამიკა“ და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათვე აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი „წარმატებით ახორციელებენ მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს“. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოხატეს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა და მინისტრმა ჯაბაროვმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება“.
მათვე ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის – ბაქო-თბილისი-ყარსის სამშენებლო სამუშაოების სწრაფ ტემპში წარმართვის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)