Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

შვედეთი არჩევნების მოლოდინში: რადიკალების ნორმალიზაცია

რა ხდება?

11 სექტემბერს, შვედები საპარლამენტო, რეგიონულ და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

რატომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?

სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ათწლეულებია რაც არჩევნებში დომინირებს, სერიოზული გამოწვევის წინაშეა. აქამდე პოლიტიკური სპექტრიდან მოკვეთილი რადიკალი მემარჯვენე „შვედი დამოკრატები“ ახლოს არიან „ნორმალიზაციასთან“. მათი შესაძლო ალიანსი „ზომიერთა“ პარტიასთან შვედეთის პოლიტიკას მარჯვნივ გადახრის. კრემლთან სიახლოვეში შემჩნეული „შვედი დემოკრატების“ წარმატება პრობლემურია, თუმცა „ზომიერები“ ნატოს მხარდამჭერი ძალაა.

ანალიზი

შვედეთის რიქსდაგში 349 დეპუტატია, შესაბამისად, უმრავლესობას 175 მანდატის მქონე ძალა იღებს. საარჩევნო სისტემა პროპორციულია, ღია, მრავალმანდატიანი პარტიული სიებით. ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს როგორც პარტიას, ისე პარტიის კონკრეტულ წევრს.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში „შვედმა დემოკრატებმა“ სარეკორდო 18% მიიღეს. ვერცერთმა პარტიამ დააგროვა ხმების ნახევარზე მეტი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ქსენოფობ რადიკალებთან კავშირის შეკვრა არავინ მოინდომა, ზომიერ მემარჯვენე და მემარცხენე კოალიციებს კი არ ჰქონდათ საკმარისი მანდატები უმრავლესობის შესაქმნელად.

გამოკითხვები და ტენდენციები

8 სექტემბრის გამოკითხვების თანახმად, შემდეგი სამი პარტია ლიდერობს: „სოციალ-დემოკრატები“ პირველ ადგილზე არიან 30% მხარდამჭერით, „შვედეთის დემოკრატები“ მეორეზე 21%-ით, ხოლო „ზომიერი პარტია“ მესამეზე – 17%-ით. ოთხპროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის გადალახვას ალბათ მოახერხებენ ასევე „ცენტრისტები“ (8%), მემარცხენე პარტია (8%), ქრისტიან-დემოკრატები (6%) და მწვანეები (6%). ეგებ ლიბერალურ პარტიასაც (5%) გაუღიმოს ბედმა.

მიმდინარე და წინა კაბინეტის დამტკიცებისას, რადიკალებთან შეკვრაზე უარის გამო უმრავლესობის მხარდაჭერა არც ერთ პრემიერს ჰქონდა – ისინი სიტუაციური კოალიციით, ანუ „უმცირესობის მთავრობით“ მართავდნენ. ხმათა განაწილება გამოკითხვებში ისეთია, რომ მხოლოდ არჩევნების დღეს გამოჩნდება, შეიქმნება თუ არა 175-მანდატიანი უმრავლესობის მქონე კოალიცია. მანამდე კი „ზომიერებმა“ პოზიცია შეიცვალეს და განაცხადეს, რაკი „შვედი დემოკრატები“ ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგი აღარ არიან, პარლამენტში მათთან ეკონომიკის, იმიგრაციისა და ენერგეტიკის თემებზე მუშაობა შეიძლებაო. შესაბამისად, „ზომიერებისა“ და „შვედი დემოკრატების“ თანამშრობლობა უმცირეობის მთავრობაში, რომელსაც სათავეში „ზომიერების“ ლიდერი ჩაუდგება გამორიცხული არაა.

ეთნიკური საკითხის რადიკალიზაცია

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, შვედეთის პოლიტიკურ არენაზე მემარცხენე პარტიებს აქვთ უპირატესობა. მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებთან ისინი ღირებულებებისა და საზოგადოებრივი დღის წესრიგის საკვანძო საკითხების გარშემო თანხმდებოდნენ. უფლებრივი თანასწორობის იდეებს შვედეთი საზღვარგარეთაც აქტიურად უჭერს მხარს.

თუმცაღა, მემარჯვენე რადიკალური იდეების გავლენა ბოლო ხანებში იმდენად გაიზარდა, რომ „შვედი დემოკრატების“ ერთ დროს სრულიად მიუღებლად მიჩნეული იდეები ახლა უკვე სოციალ-დემოკრატებზეც კი ახდენს გავლენას. მაგალითისთვის, რადიკალები იმიგრაციის ეთნიკური და რასობრივი ნიშნით   შეზღუდვას უჭერენ მხარს. გუშინ, ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა სოციალ-დემოკრატმა მინისტრმა, ანდერს იგემანმა განაცხადა  „ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი ტაბუ არ უნდა იყოსო“ და თქვა, შვედეთის რეგიონებსა და ქალაქებში „ეთნიკური კვოტის“ შემოღებას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ დებატები საჭიროაო.

2018 თავად პრემიერმა მაგდალენა ანდერსსონმა აგვისტოში მხარი დაუჭირა იგემანის ამგვარ იდეებს, განაცხადა რა, ჩვენს ქალაქებში „სომალითაუნისა და პატარა იტალიის“ ტიპის გეტოების ჩამოყალიბებას ვერ დავუშვებთო. იგემანი უფრო შორსაც წავიდა და ქალაქებში არა-ნორდიკული ეთნოსის ნახევარზე მეტი არ უნდა იყოსო, თქვა.

საარჩევნო თემები

მიგრაციისა და სამართლის უზენაესობის თემებთან ერთად, ამ არჩევნებზე ბევრია საუბარი ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის საკითხსაც.

2022 წლის მაისში, შვედეთმა, ფინეთთან ერთად ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოში. ეს სოციალ-დემოკრატებისათვის პოზიციის ფუნდამენტური ცვლილება გახლდათ. ნატოში გაწევრებას აქამდე თანმიმდევრულად მხოლოდ „ზომიერები“ უჭერდნენ მხარს. ევროპის წინაშე არსებულმა სამხედრო გამოწვევამ შეარბილა „შვედი დემოკრატების“ პოზიციაც – თუკი აქამდე ისინი ევროკავშირიდან გასვლას ლობირებდნენ, ახლა უფრო დაუახლოვდნენ მოძმე პარტიებს – მაგალითად ჯორჯია მელონის „იტალიის ძმებს“, რომლებიც ევროკავშირის შიგნით ეროვნული მთავრობების გავლენის გაძლიერებას მოითხოვენ.

როგორც „სოციალ-დემოკრატები“, ისე „ზომიერები“ უპირობოდ უჭერენ მხარს უკრაინას. ანდერსსონის მთავრობამ კიივს საგრძნობი სამხედრო დახმარებაც გაუწია.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ამის შედაგად ბუნებრივ რესურსებზე გაზრდილი ფასების კვალობაზე, შვედეთში პარტიების რუსულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ქადაგებს. დღის წესრიგში შვედური ატომური ენერგეტიკის აღორძინების საკითხიც დაბრუნდა. დღეს, შვედეთის სამ ატომურ ელექტროსადგურში მომუშავე ექვსი რეაქტორი ქვეყანას ენერგიის 30%-ს აწვდის. 1980 წელს, შვედებმა რეფერენდუმზე 2010 წლისათვის ატომური სადგურების დახურვას მისცეს ხმა. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები ამ დანაპირების დაგვიანებით შესრულებას აპირებენ. „ზომიერები“, ლიბერალები, და „შვედი დემოკრატები“ დახურვის ნაცვლად, ახალი ელექტროსადგურების აშენებას ემხრობიან.

პრემიერობის მსურველები

სოციალ-დემოკრატი  მაგდალენა ანდერსსონი, შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, მთავრობას 2021 წლის 30 ნოემბრიდან უძღვება. ის შეეცდება პოსტი შეინარჩუნოს. პარტიის აქტიური წევრი 1983 წლიდან, ის ადრე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. გამოკითხვებ თუ დავუჯერებთ, მაგდალენა ანდერსსონი საკუთარ პარტიაზე უფრო პოპულარულია, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან პარტიის პოზიცია შეცვალა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

პრემიერ მინისტრობის მეორე პოტენციური კანდიდატი და მაგდალენა ანდერსსონის მთავარი მეტოქე „ზომიერების“ ლიდერი, 58 წლის ულფ კრისტერსსონია. განათლებით ეკონომისტი, კრისტენსსონი პოლიტიკურად აქტიურ ცხოვრებას ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ეწევა. ის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო 1988 წლიდან და პარლამენტში პირველად 1991 წელს აირჩიეს. შემდეგ, 2010-2014 წლებში სოციალური დაცვის მინისტრი გახლდათ, პარტიას კი სათავეში 2017 წელს ჩაუდგა.

43 წლის, ჯიმი ოკესსონი, „შვედი დემოკრატების“ ლიდერი, უკვე ათი წელია რაც პარლამენტის წევრია. მისი პოლიტიკური კარიერა „ზომიერების“ ახალგაზრდულ ფრთაში დაიწყო, შემდეგ კი „შვედ დემოკრატებში“ გადაბარგდა. სწორედ მისი ლიდერობის პერიოდში, 2005 წლიდან მოყოლებული, დაადგა პარტია რადიკალური იმიჯის ნორმალიზაციის გზას და პოპულარობა მოიპოვა შვედ ამომრჩეველში. მისი თანაიციატივა იყო შვედეთის მიერ ევროკავშირის დატოვება (ე.წ. “Swexit”). ოკესონი ანტი-საიმიგრაციო განწყობებით გამოირჩევა და პირდაპირ აკავშირებს შვედეთში დანაშაულის მატებას მიგრანტების შემოდინებასთან. ამასწინათ, ოკესონმა თავი აარიდა კითხვას, რომელი მიგაჩნიათ უფრო სახიფათოდ – პუტინი თუ ბაიდენიო. თუმცაღა, იმასაც ამბობს „რუსეთი სრულმასშტაბიანი დიქტატურაა და მეზობლების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო დანაშაულს სჩადისო.“

რას ველოდეთ?

უახლესი გამოკითხვების მიხედვით, ძნელია იმის ვარაუდი, თუ ვინ შეძლებს მმართველი კოალიციის შექმნას. ადვილი შესაძლებელია, შვედეთი კვლავაც „უმცირესობის მთავრობის“ იმედად დარჩეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ჩანს, შვედეთის პოლიტიკური სპექტრი საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით მკვეთრად გადაიხარა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ღრმა ინტეგრაციისაკენ. „შვედი დემოკრატების“ მმართველ კოალიციაში რომც ვიხილოთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საგარეოპოლიტიკური პორტფელი მათ წარმომადგენელს ერგოს. სავარაუდოა, რომ საგარეო მინისტრის პოსტი ან სოციალ-დემოკრატებს დარჩებათ, ან რუსეთის მიმართ მკვეთრად კრიტიკული „ზომიერები“ ჩაიბარებენ.

მსგავსი/Related

Back to top button