სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. 31 მაისს სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით ევროპარლამენტს მიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროპული მომავალი, ევროკომისიის 12 პრიორიტეტისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და „კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ევროპული საბჭოს რელიზის თანახმად, თავის მხრივ, პრეზიდენტი მიშელი მიესალმა სალომე ზურაბიშვილის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და პარტიებს შორის განხეთქილების დაძლევის საქმეში. თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის კუთხით.
„აღინიშნა, რომ რიგი სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმისთვის პარლამენტში უმრავლესობის გაძლიერებული მხარდაჭერაა საჭირო, რაც ინკლუზიურობისა და მრავალპარტიული თანამშრომლობის აუცილებლობას უსვამს ხაზს”, – ვკითხულობთ რელიზში.
European values run through the veins of the Georgian people.
I reaffirmed the ??’s rock solid support for our shared European future to President @Zourabichvili_S.
Concrete progress on key priorities is crucial on your path towards our EU family. pic.twitter.com/rlSEoUmCXO
— Charles Michel (@CharlesMichel) May 30, 2023
ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა ჰქონდა. „მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – ხაზი გაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
Good meeting with President @Zourabichvili_S.
I welcome your strong commitment to Georgia's European perspective and look forward to continue working with you. pic.twitter.com/lIuHE0BnmQ— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 30, 2023
შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან
საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეცოლას Twitter-ზე თბილი მიღებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე Twitter-ზე ევროპარლამენტში მისივე გამოსვლის ვიდეო გააზიარა, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის სათანადო პირობების შექმნის მნიშვნელობას, რათა მისმა მოქალაქეებმა ევროპულ მომავალს მიაღწიონ.
რობერტა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპარლამენტი მზადაა იყოს საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭიროს მის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. მან ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ უფრო მეტი და უფრო მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რათა ქართველმა ხალხმა ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შანსი. ამისთვის, ჩვენ უნდა დავინახოთ ხელშესახები წინსვლა რიგ საკვანძო საკითხებზე“. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს ყველა საჭირო დახმარებას სთავაზობს ამ ტრანსფორმაციის გზაზე, „მაგრამ საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი“. მეცოლამ დასძინა, რომ საჭიროა გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროპელი ხალხების უფლებების დასაცავად და საზოგადოებების მომავლის უზრუნველსაყოფად.
Thank you @EP_President Metsola for a warm welcome and your unshaken support for Georgia’s European future ???? https://t.co/aaRtnT9boI
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 31, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 29/05/2023 – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს „რადიკალური“ ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებას ედავება
- 14/04/2023 – პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისთვის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)