Placeholder canvas
ახალი ამბები

კატარში პანელურ დისკუსიაზე პრემიერის გზავნილებს პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მაისს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ძირითადი დრო საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვან ზარალს ნახავს. მანვე უკრაინაში მიმდინარე ომსა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

პრემიერის ნათქვამს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ.

„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც საქართველოს პოლიტიკასა და პრიორიტეტებს უკავშირდება. მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული…“.

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარმოადგინა… და არ მიყო ხელი, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვეულ პოლიტიკურ კეკლუცობას. ზუსტად ითქვა ის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „პრემიერმინისტრის გამოსვლა სამაგალითო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი. ეს, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ პირველი პირი, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდეს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. გასაკვირი არაფერია და ქვეყნის პრემიერმინისტრის ასეთი მიდგომა მისასალმებელია….“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ბეჟაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. ამ ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ნიღაბი ჩამოიხსნა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ნიღბის უკან ჩვენ დავინახეთ რუსული ოცნება, რუსული ზრახვებით, რუსული მიზნებით, გახსნილი საზღვრები, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე… საქართველო ყველაფერში დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე და დღეს ღარიბაშვილი ამას ერთგვარ წარმატებად აფასებს“.

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას… სამწუხაროდ, იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერმინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი… ფაქტობრივად, მან მხარი დაუჭირა რუსულ მოდელს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის… მან ერთი-ერთში გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა… იმდენად შოკის მომგვრელი იყო მისი განცხადებები“.

ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის“: „საქართველოს პრემიერმინისტრის სტატუსით მოქმედი პირი გადაქცეულია რუსეთის ომის მანქანის და პროპაგანდის გამჟღერებლად. ეს, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა საქართველოს, უკრაინის და იმ სტატუსის, რა სტატუსითაც ეს ადამიანი საზოგადოებაში წინაშე გამოდის“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა როგორც რუსეთის მოკავშირე, ეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის არის კატასტროფა. ქვეყნის, რომელიც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიისწრაფვის… ძალიან მძიმეა ეს გზავნილები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button