ახალი ამბები

პრემიერი: „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს“

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მაისს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ძირითადი დრო საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვან ზარალს ნახავს. მანვე უკრაინაში მიმდინარე ომსა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს“

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დასმული კითხვის პასუხად და დასძინა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია.

„მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს“.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, თქვენი ინფორმაციისთვის და დარბაზის ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაიხადა 2022 წლამდე, რუსეთს გადაუხადა, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან“, მაშინ როდესაც „ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხო? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან“ და „ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს“. „ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში“, – ხაზი გაუსვა მან.

ამ კონტექსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია დასავლელი პარტნიორების, თუმცა „აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები“. „ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მემგონი ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან“.

ევროინტეგრაცია

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ყველაფერი გააკეთა“. ამ კონტექსტში მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა დაასახელა. „წარმოდგენაც არ შეგვეძლო ათი წლის წინ, ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა“.

„ეს არის ჩემი ინტერესები, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირს და ნატოს“, – განაცხადა მან და დასძინა: „მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ“. პრემიერმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ სწორედ მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციად ევროკავშირი და ნატო.

ომი უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ძალიან რთული დროა ნამდვილად“ და რომ ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. „ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება“. მანვე აღნიშნა, რომ „20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ“ და „ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო“. „რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის“.

აღნიშნა რა, რომ „ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე“, პრემიერმა ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობა „სამშვიდობო საუბრის“ წარმართვისთვის არასაკმარისი ძალისხმევის გამო გააკრიტიკა. კითხვაზე, თუ ვინ უნდა გადაგას ეს ნაბიჯები, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ორივე მხარემ, ყველამ“.

„მე ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, – განაცხადა მან.

მანვე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ განცხადებებიც გაიხსენა და თქვა, რომ „ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან“.

„ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული“

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი არ სურს, რადგანაც „ის არის წარსული“. „მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ – ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის, ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია“, – განაცხადა მან.

მანვე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ „ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება“, თითქოს, მას საქართველოში წამლავენ, ტანჯავენ და აწამებენ, „საქმე წაიღეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებების სასამართლოში. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს მისი ჯანმრთელობის, პირობების ზრუნვით და ევროპული სტანდარტებით აკეთებს ამას ყველაფერსო“.

მისი კლინიკაში შესაძლო გარდაცვალების შესახებ კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა: „მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით, იმას გავიმეორებ – ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის უფლებებს, ყველა პატიმრის უფლებებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button