ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 23 მაისი

ოგანის ერდოღანი და ერდოღანის თურქეთი

მას შემდეგ, რაც თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, სინან ოგანმა თავის მომხრეებს მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეორე ტურში სანუკვარ გამარჯვებას კიდევ უფრო დაუახლოვდა. სინან ოგანმა, რომელმაც პოლიტიკური კაპიტალი მიგრანტებთან ბრძოლით და ნაციონალისტური ლოზუნგებით დააგროვა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მყარი 5% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. 5%-იანი ოგანი თურქეთის მომავალს  და სტაბილურობას ქილიჩდაროღლუს ლიდერობაში ვერ ხედავს და თავის გულშემატკივრებს ერდოღანის მხარდაჭერისკენ ღიად მოუწოდებს, თუმცა პოლიტიკურ კოალიციაში, რომელსაც ის წარმოადგენს ყველა ოგანივით არ ფიქრობს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ოგანის ამომრჩეველი ერდოღანისთვის ხმის მიცემის საქმეში გაიყოს. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პირველ ტურში 49.5%-იანი ერდოღანი და 45%-იანი ქილიჩდაროღლუ კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

არჩევნებიდან არჩევნებამდე

გასულ კვირას, საბერძნეთში ჩატარებულ არჩევნებში მოქმედი პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული შეხედულებების „ახალი დემოკრატიის“ პარტიამ 40%-ზე მეტი ხმა მოიპოვა და მყარ პირველ ადგილზე გავიდა. მართალია, მმართველი „ახალი დემოკრატიის“ პარტიამ მთავარი ოპოზიციური მემარცხენე ძალა –  „სირიზა“ მთელი 20%-ით ჩამოიტოვა, მაგრამ უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის დასაკომპლექტებლად, საბერძნეთის ახალი საარჩევნო სისტემა 45%-იან ბარიერიერს ითვალისწინებს. კოალიციის ფორმირებას კი, მიცოტაკისიც უარობს და 11%-ით, მესამე ადგილზე გასული „პასოკის“ სოციალისტური პარტიაც. კოალიციის ფორმალური შეთავაზება უარყო მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „სირიზამაც“. ბერძნული კონსტიტუციით, ახალი პარლამენტის არჩევიდან სამ დღეში თუ პოლიტიკური პარტიები კოალიციურ მთავრობაზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ პარლამენტი დაშლილად ცხადდება და ახალი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება. ასე რომ ზაფხულში ბერძნებს კვლავ მოუწევთ საპარლამენტო არჩევნებზე წასვლა. მიცოტაკისი და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული „ახალი დემოკრატიის“ პარტია დარწმუნებული არიან, რომ ზაფხულში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას მოიპოვებენ.

მაისის მაია

ევროპულ გზაზე მოძრაობის გასაგრძელებლად, მოლდოვამ ღონე მოიკრიბა და მაია სანდუს ძალისხმევით, კიშინიოვის მთავარ მოედანზე 80 ათასიან პრო-ევროპულ სახალხო კრებას მოუყარა თავი. ევროპული არჩევანის მხარდასაჭრად გამოსული მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ და ევროპარლამენტის პრეზიდეტნმა რობერტა მეცოლამ გაამხნევეს. თავის გამოსვლაში, სანდუმ მოსახლეობას უთხრა, მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სავსებით რეალურია და ეს შეიძლება 2030 წლისთვისაც მოესწროსო, ასევე ხალხს ერთიანობისკენ და შრომისკენ მოუწოდა. სანდუს არც რუსული საფრთხისა და უკრაინის გმირული წინააღმდეგობის ფაქტორები გამორჩენია. მოლდოვას მისწრაფებები წაახალისა ევროპარლამენტის მეთაურმა, რობერტა მეცოლამ, რომელიც მოედანზე შეკრებილ მოლდოველებს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წლის ბოლომდე დაჰპირდა. კიშინიოვის სახალხო შეკრებაზე გადაწყდა, რომ მოლდოვას ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს. ამავე დღეს, საპროტესტო აქციები გამართეს მოლდოვას პრო-რუსულმა ძალებმა – პარტია “შორმა”, კომუნისტებმა და სოციალისტებმა, თუმცა სანდუს თავყრილობამ ოპოზიციური შეკრებები, როგორც რაოდენობით, ისე სულისკვეთებით საგრძნობლად დაჩრდილა.

ბულგარეთის რუსული ეშმაკები

მოლდოვას მსგავსად, პრო-რუსული ძალები მოსვენებას არ აძლევენ უკვე ევროკავშირსა და ნატოში მყოფ ბულგარეთს. ბულგარეთის რუსული ძალები ხელისუფლების მხრიდან უკრანის მხარდაჭერას აპროტესტებენ, ასევე ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ედავებიან. სწორედ ამ ლოზუნგების საფარქვეშ, კვირას, სოფიაში პრო-რუსულმა პარტია „აღორძინებამ“ დემონსტრაცია გამართა და ევროკაკავშირის ოფისი წითელი საღებავებით მოთხვარა. ამ ოფისში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობებია განთავსებული, ამიტომ პრო-რუსი დემონსტრანტების ვანდალიზმი ევროკავშირმაც და ბულგარეთის საგარეო უწყებამაც ერთხმად დაგმეს. რუსულ თავხედობას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც, რომელმაც ბულგარეთის პრო-რუსულ ძალებს შეუთვალა – ამ ვანდალიზმის შემდეგ, უკრაინის თანადგომა მხოლოდ გაძლიერდება და მხარდაჭერის ხმას კიდევ უფრო ხმამაღლა გაიგონებთო. ისე რომ ვიცოდეთ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ბულგარეთის პრო-რუსულმა პარტია “აღორძინებამ” გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა და 14%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილი დაიკავა.

ომი რუსეთში თუ რუსეთი ომში?

ფრიად უჩვეულო და მოულოდნელი რუსული ამბებით დაიწყო მიმდინარე კვირა – უკრაინის მოსაზღვრე რუსული ოლქის – ბელგოროდის გუბერნატორმა ორშაბათს საგანგაშოდ გამოაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა დივერსიული შეიარაღებული ჯგუფები. უკრაინული დივერსიის მოსაგერიებლად, ბელგოროდის ოლქში კონტრ-ტერორისტული მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. რუსული სოციალური მედია საშუალებებისა და სამხედრო კორესპონდენტების ინფორმაციით, უკრაინიდან შემოჭრილმა ჯგუფებმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საზღვრისპირა სოფლის დაკავებაც შეძლეს და ადგილობრივ ხელისუფლებასაც გვარიანი დავიდარაბა დაატეხეს თავს. ბელგოროდის ოლქში მოსკოვს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დამატებითი შენაერთების გადასროლა მოუწია. მოულოდნელი შემოჭრით თავზარდაცემულმა მოსახლეობამ მასიურად დაიწყო საცხოვრებელი სახლების დატოვება და აღმოსავლეთით დაიძრა. ოფიციალური მოსკოვი გაიძახის, რომ შემოჭრილი უკრაინული დაჯგუფებები უკვე გავანადგურეთო, კიივი მათ უკრაინელობას უარყოფს, ხოლო თავად დაჯგუფება – „თავისუფლება რუსეთს“ და „რუს მოხალისეთა კორპუსი“ – ამბობს, ყველანი კარგად ვგრძნობთ თავსო. ამ ამბის გაგრძელებას ალბათ შემდეგ გამოშვებებაშიც მივუბრუნდებით.

მსგავსი/Related

Back to top button