ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ახალი ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემას აფასებს 

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულმა კომისიამ (CEPEJ) 5 ოქტომბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 44 წევრი სახელმწიფოს სასამართლო სისტემებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ანგარიში 2020 წლის მონაცემებს ეფუძნება და მართლმსაჯულებისთვის, კერძოდ სასამართლო სისტემებისთვის, პროკურატურის სერვისებსა და იურიდიულ დახმარებაზე გამოყოფილ ბიუჯეტზე ამახვილებს ყურადღებას. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სასამართლოების ეფექტიანობას; სასამართლოების, მოსამართლეთა, პროკურორების და ადვოკატების რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე; ასევე: მოსამართლეთა ხელფასებს; გენდერულ ბალანსს სასამართლო სისტემაში და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მდგომარეობას.

ბიუჯეტი

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველომ სასამართლო სისტემის ბიუჯეტზე 32.40 მლნ ევრო დახარჯა, რამაც ერთ სულ მოსახლეზე 8.93 ევრო შეადგინა, რაც ევროპის საბჭოს მედიანურ მაჩვენებელზე „მნიშვნელოვნად დაბალია“ და საქართველოს მშპ-ის 0.23%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად 2020 წელს, თანხის 59% სასამართლოებზე დაიხარჯა, 35% პროკურატურის სერვისებზე, ხოლო 6% იურიდიულ დახმარებაზე.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველო იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ სასამართლო სისტემაზე“.

ეფექტიანობა

საქართველოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების შედეგად ევროპის საბჭომ დაადგინა, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოები ყველაზე ეფექტიანად ფუნქციონირებენ, ხოლო ყველაზე ეფექტიანად სამივე ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეები განიხილება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოები, როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სისხლის სამართლის საქმეებს წყვეტენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეფექტიანები ადმინისტრაციულ საკითხთა გადაწყვეტაში არიან.

მეორე და მესამე ინსტანციების სასამართლოებში, საქმის განხილვის დრო ევროპის საბჭოს მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია სამ კატეგორიაში ( სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეები), მეორე ინსტანციის ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოკლებით.

საერთო ჯამში, დოკუმენტი ადგენს, რომ მართალია კოვიდ-19-ის პანდემიამ სასამართლოს ყველა ინსტანციაზე და საქმეთა ყველა კატეგორიაზე მოახდინა გავლენა, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მეორე ინსტანციის სასამართლოებში სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე ფიქსირდება.

პროფესიონალი მოსამართლეები და გენდერული ბალანსი

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მოსამართლეთა რაოდენობას, ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოს 100 000 მოსახლეზე 8.82 მოსამართლე ჰყავს და „ევროპის საბჭოს მედიანურ მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.

გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წელს ქალ მოსამართლეთა რაოდენობამ 54% შეადგინა, ხოლო ქალი პროკურორები რაოდენობა 32% იყო. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოთა თავმჯდომარეების მხოლოდ 15% იყო ქალი და პროკურატურის წამყვან პოზიციებსაც ქალების მხოლოდ 15% იკავებდა, რაც  „ძლიერ შუშის ჭერზე მიანიშნებს“.

იურიდიული დახმარება

რაც შეეხება საქართველოში იურიდიული დახმარების საქმეების რაოდენობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა იურიდიული დახმარების მოთხოვნაში ცვლილებები განაპირობა.

ამ თვალსაზრისით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იურიდიული დახმარების შესახებ სასამართლოში შეტანილ საქმეთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც შეუტანელ საქმეთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 113%-ით გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე იურიდიული დახმარებისთვის დახარჯული 0.52 ევრო „ევროპის საბჭოს მედიანურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაშინაც კი, როდესაც ის საქართველოს სასამართლო სისტემის ბიუჯეტის 6%-ს შეადგენს“.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT)

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ICT-ის ინდექსი 5.1-ს შეადგენს, რაც წინა მაჩვენებელზე 1.6 პუნქტით ნაკლებია.

დოკუმენტი განმარტავს, რომ ეს ნაწილობრივ განაპირობა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს სასამართლოს განაჩენების ატვირთვა საკუთარ ვებგვერდზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების გამო და ახალი რეგულაციების დამტკიცებამდე.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, ICT-ის ბიუჯეტი საქართველოში „ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button