skip to content
ახალი ამბები

„ანტიკორუფციულ მოძრაობასა“ და მის წევრებს ცილისწამებისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობასა“ და მის ორ წევრს – ვასილ ურუშაძესა და ლაშა ბერულავას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მიმართ ცილისწამებისთვის ჯამში 15 000 ლარის გადახდა დააკისრა და „ცილისმწამებლური განცხადებების“ უარყოფა დაავალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული ჯარიმიდან უჩა მამაცაშვილისთვის 5 000 ლარის გადახდა უშუალოდ ორგანიზაციას მოუწევს, 5 000-5 000 ლარის კი – ურუშაძესა და ბერულავას. საგულისხმოა, რომ მამაცაშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ჯამში 150 000 ლარს ითხოვდა.

საქმე ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორგანიზაციის წევრების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხება, რომ საქართველოში „ტრანსნაციონალურ დანაშაულს უჩა მამაცაშვილი მფარველობდა. ამასთან, ისინი აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირების უკანაც ივანიშვილის დეიდაშვილი იდგა.

„სამწუხაროდ ოლიგარქიული რეჟიმი სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ დევნოს არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ, რომლებიც ვებრძვით კორუფციას, ვამხელთ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, არაფორმალურ მმართველებს“, – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან საუბარში ვასილ ურუშაძემ და დასძინა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ მომავალში, დააჯარიმებენ ყველას, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს.

თავის მხრივ, უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მოსამართლემ „ობიექტური“ და „სამართლიანი“ გადაწყვეტილება მიიღო. „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობდა ბუნებაში არანაირი მტკიცებულებები იმ ბრალდებების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა“, – განაცხადა მან.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამოხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, რომელიც სასამართლოში „ანტიკორუფციული მოძრაობის“ უფლებებს იცავდა, „ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები კვლავ აგრძელებენ ცილისწამების საფუძვლით შეტანილი სარჩელებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევას, რითაც, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზიის საქმიანობას უქმნიან საფრთხეს“.

ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება „ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს“, ვინაიდან „არსებობს მოლოდინი, რომ ის ხელს შეუწყობს ისეთი სარჩელების შეტანას სასამართლოში, რომელთა მიზანიც არის უფლებადამცველების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მსგავსი პრაქტიკა კი, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

„დემოკრატიულმა ინიციატივამ“ წარსულში ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავებიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button