ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი საქართველოს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაი საქართველოში იმყოფება, რათა გააძლიეროს სამეცნიერო თანამშრომლობა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების დაძლევის საქმეში, მათ შორის, ნატოს პროგრამის მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (SPS) ფარგლებში. დღეს იგი მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლებისა სამინისტროების მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც 50-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა საჯარო და კვლევითი ინსტიტუტებიდან. ღონისძიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ბოლოდროინდელ აქტივობებზე, მათ შორის, კვლევებზე მედეგობისა და ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ.

ქართველი მეცნიერები პროექტებით SPS-ის პროგრამაში 1994 წლიდან არიან ჩართულნი ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერთავდაცვა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული აგენტებისგან თავდაცვა და სხვ.

SPS პროგრამა არის ნატოს პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს საქართველოში, ისევე როგორც ნატოს სხვა პარტნიორ ქვეყნებში, განავითარონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინოვაციური სამეცნიერო ინიციატივები ნატოს ქვეყნებიდან კოლეგებთან თანამშრომლობით.

ღონისძიებაზე, რომლიც მიზანიც საქართველოს გაზრდილი მონაწილეობა იყო უსაფრთხოების გამოწვევებისა და საფრთხეების კვლევაში, ყურადღება გაამახვილეს ნატოს პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაი მინისტრის პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს შეხვდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ მუდმივად მზადაა ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში.

შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე“.

პრესკონფერენცია

ჯეიმს აპატურაიმ 3 მაისს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის განსახილველად პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი მოკავშირეა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას გაუსვა ხაზი. მან საქართველოსა და ნატოს შორის გაზრდილი თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრა, რა დროსაც ენერგოუსაფრთხოებასა და კიბერთავდაცვაზე გაამახვილა ყურადღება. აპატურაიმ აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკურ ენერგოუსაფრთხოებაში და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვა.

ამასთან, აპატურაიმ საქართველოში რეფორმების გაგრძელების საჭიროებაზეც ისაუბრა, განსაკუთრებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების კუთხით, და ნატოს მომავალ სამიტამდე ამ სფეროში პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნას მიღწეული, განსაკუთრებით ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ. ნატოს დღის წესრიგში საკითხების მთელი სპექტრი იქნება, მათ შორის ის, თუ როგორ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორ განვიხილავთ უფრო ფართო ინტეგრაციის საკითხებს; ეს მოლაპარაკებები წინაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქედან პოზიტიური სიგნალი მივიღოთ“. საერთო ჯამში, მან კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული პროგრესით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ნატოს მაღალი დონის ვიზიტები გაიმართება, ვინაიდან ნატო საქართველოს ალიანსთან დაახლოებისა და საბოლოო გაწევრიანების ერთგული რჩება.

მოახლოებულ სამიტზე საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ მართალია ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს, მოკავშირეების აზრით, ეს გარდაუვალია. მისი თქმით, საქართველო ნატოსთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება, თუმცა უცნობია, როგორი იქნება პოლიტიკური ენა ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან დოკუმენტის პროექტი ჯერ დაუსრულებელია. აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ „ნათელია, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ძალაში დარჩება“.

პრესკონფერენციაზე აპატურაიმ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აცნობეს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებისა და უკრაინელების მიღების გზით. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საქართველოს წინაშე არსებული სირთულეებისა, მათ შორის დედაქალაქის სიახლოვეს რუსული ჯარის განთავსებისა, ის ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button