skip to content
ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 4 აპრილს, 22 ხმით და 4 წინააღმდეგ „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

რეზოლუციის პრეამბულა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია გმობს ორივე რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და ამის ლეგიტიმაციის მცდელობებს უკანონო არჩევნების, ხელშეკრულებების, მიწის ჩამორთმევისა და რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადებებით.

რეზოლუცია: გამოხატავს შეშფოთებას გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უწყვეტი პროცესის გამო; აღნიშნავს ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გამო; გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთისა და ადამიანის უსაფრთხოების უფლების დარღვევის გამო; ხაზს უსვამს 2014-2020 წლებში „საქართველოს მოქალაქეების უკანონო მკვლელობების[თვის]“ პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობას.

რეზოლუცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებას საქმეზე – „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, „რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი აფხაზეთზე, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მისი სრული პასუხისმგებლობა რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებზე“.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ასევე „გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას”, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობის ზრდას.

ყოველივე ამის შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სთხოვს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს ტექნიკური დახმარების გაწევა თბილისში არსებული გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შუამდგომლობით; მოითხოვს დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიეცეს უმაღლესი კომისრის ოფისს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება და მოუწოდებს უმაღლეს კომისარს წარუდგინოს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წინამდებარე რეზოლუციის განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის 44-ე სესიაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button