ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს მადრიდის სამიტს ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნატოს 28-30 ივნისის მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მთელ რიგ გადაწყვეტილებებს“, რომლებიც „ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან – ნატო-ში წევრობასთან“.

საგარეო უწყების განცხადებით, სამიტზე დამტკიცებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“ შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.

„ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან ერთად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოვებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია უწყების 30 ივნისის განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე დამტკიცებულ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში „შესაბამისად აისახა [ალიანსში] საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა… ასევე, ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური კურსი“.

„საქართველო განსაკუთრებით აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერის გზავნილებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“.

საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოსთვის ასევე „უაღრესად მნიშვნელოვანია“ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, „ვინაიდან ეს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის რეალურ განხორციელებას“.

სამინისტრო აგრეთვე მიესალმება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button