skip to content
ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, 24 აგვისტოს მათ გადამღებ ჯგუფს მუშაობის პროცესში თავს დაესხნენ.

„ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მონათხრობით, თბილისში, დელისის მეტროსთან, პირდაპირ ეთერში მუშობის დროს, მათთან უცნობი პირი მივიდა და „რაღაც სიტყვებს“ ეუბნებოდათ და მითითებებს აძლევდათ.

„დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით… შემდეგ, წამართვა მიკროფონი, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს“, – განმარტა მან და დასძინა, რომ თავდამსხმელმა მიკროფონი გადააგო და გაიქცა.

ჟურნალისტის თქმით, მან მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს წელს ზემოთ შიშველი ზურგჩანთიანი მამაკაცი, რომელიც ყვირის – „მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ(ს). მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა“. ამის შემდეგ, მამაკაცი კადრის გადის.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს.


ბოლო პერიოდში, ეს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, რის გამოც ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით წუხილები სულ უფრო იზრდება. ამასთან, 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ თავდასხმისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

ამასთან, 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია – „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო გააკრიტიკა.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 25 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button